მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაზის სექტორში მსხვილ კომპანიებთან სამი შპს-ს შერწყმა იგეგმება - ენერგოომბუდსმენის ანგარიში

გაზი

ბუნებრივი გაზის სექტორში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.

ენერგოომბუდსმენის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ბაზარზე რამდენიმე მცირე კომპანია მსხვილ მოთამაშეებს შეუერთდა, რამაც აბონენტების ნაწილისთვის სამომხმარებლო ტარიფების კორექტირებაც გამოიწვია.

კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ ბუნებრივი გაზის სექტორში ახლო მომავალში შესაძლებელია განხორციელდეს რამდენიმე კომპანიის მსხვილ კომპანიებთან შერწყმა, რაზეც გავლილია საწყისი ეტაპები და გაცემულია კომისიის თანხმობები. ასეთია შპს „ვარკეთილაირი,“ რომელიც 2024 წელს შეიძინა შპს „თბილისი ენერჯიმ,“ ხოლო შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ შეიძინა შპს „გაზმშენი“ და შპს
„ჩირაღდანი.“ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, მსხვილი კომპანიებისთვის შემდგომში ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა გამოეყოფა განაწილების საქმიანობას და გახდება ცალკე რეგულირების საგანი.

"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ისევე როგორც ელექტროენერგეტიკის სექტორში, ბუნებრივი გაზის სექტორში სტაბილურობის შენარჩუნება ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება მხოლოდ საჯარო მომსახურების საფუძველზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პრინციპებით და მარეგულირებელი კომისიის მიერ ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენით ანუ „რეგულირებით,“ როგორც ეს არის დაგეგმილი რეფორმის საწყის ეტაპზე", - აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება ტარიფებს, გასულ წელს გაზის ტარიფების ზრდა არც საყოფაცხოვრებო და არც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის არ მომხდარა. გეგმის მიხედვით, სემეკი ბუნებრივი აირის ტარიფებს 2026 წლის დეკემბერში გადახედავს. რაც შეეხება კომერციულ სექტორს, აქ ტარიფები დერეგულირებულია და თავად კომპანიებს შეუძლიათ კომისიისგან დამოუკიდებლად შეცვალონ.

ენერგოომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს მარეგულირებელმა კომისიამ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაუუქმა შპს „ვარკეთილაირს“ და მისი ყოფილი სალიცენზიო არეალი შეიერთა შპს „თბილისი ენერჯიმ“. ასევე გაუქმდა შპს „ჩირაღდანის“ და შპს „გაზმშენის“ განაწილების ლიცენზიებიც, რომელიც შეუერთდა შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“. შპს „გაზმშენი“ დიდი ხანია არის გაკოტრების რეჟიმში და ფაქტიურად არ ახორციელებდა განაწილების საქმიანობას, რასაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა შპს „სოკარ ჯორჯია გაზი.“

აღნიშნული კომპანიების მომხმარებლებისათვის გავრცელდა ახალი ლიცენზიატების ტარიფები, რამაც გამოიწვია გარკვეული ცვლილებები. მაგალითად, შპს „ჩირაღდანის“ არეალში არსებული მომხმარებლებისათვის გაზის ტარიფი გაიზარდა დაახლოებით - 3 თეთრამდე. ხოლო შპს „ვარკეთილაირის“ მომხმარებლებისათვის პირიქით შემცირდა - 3 თეთრამდე.

საყოფაცხოვრებო ტარიფებისაგან განსხვავებით, ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისათვის არასაყოფაცხოვრებო ტარიფების დადგენას ახორციელებენ თვით ამ სექტორში მოქმედი კომპანიები.

2025 წელს კი ბუნებრივი გაზის არასაყოფაცხოვრებო ტარიფების ცვლილება არ განხორციელებულა და იგი შენარჩუნდა 2024 წელს არსებული ოდენობების ფარგლებში:

  • შპს „თბილისი ენერჯი“ - 1.29 ლარი/მ3;
  • შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ - 1.29 ლარი/მ3;
  • სს „საქორგგაზი“ - 1.29 ლარი/მ3;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები