მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზქურები ისეთივე საზიანოა, როგორც თამბაქოს პასიური მოწევა - Euronews კვლევას აქვეყნებს

63c500775fc33
BM.GE
16.01.23 11:45
4140
Euronews-ის საინფორმაციო ვებგვერდზე ახალი კვლევის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, გაზქურა სახლში ჰაერის დაბინძურების დადგენილ ზღვარს არღვევს და ბავშვებში ჯანმრთელობის პრობლემების რისკებს ზრდის.

ენერგოეფექტურობის სექტორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია CLASP-ის, ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ალიანსის (EPHA) და ნიდერლანდების გამოყენებითი მეცნიერების კვლევების ორგანიზაციის (TNO) მიერ მომზადებული მოხსენების მიხედვით, ვენტილაციის გარეშე გაზქურაზე კერძების მომზადებისას, დახურულ სივრცეში აზოტის დიოქსიდის (NO2) დონე რეგულარულად აჭარბებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის სახელმძღვანელოსა და ევროკავშირის ჰაერის დაბინძურების სტანდარტების ნორმებს.

TNO-ს დასკვნით, გაზის ღუმელები ასევე წარმოქმნის ნახშირჟანგს (CO), ულტრაწვრილ ნაწილაკებს და სხვა დამაბინძურებლებს, რომელთაც ბავშვებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლიათ, განსაკუთრებით კი ფილტვის დაავადებების.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ გასულ წელს, ევროკავშირში ბავშვებში გამოვლენილი ასთმის შემთხვევებიდან 700 000-ზე მეტი დაკავშირებულია სახლში გაზქურაზე მომზადებასთან. ეს მაჩვენებელი ევროკავშირში ბავშვებში ასთმის ყველა გამოვლენილი შემთხვევის დაახლოებით შვიდი პროცენტია.

ჯანდაცვის ჯგუფები შიშობენ, რომ ევროპის ენერგოკრიზისმა სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს, რადგან სითბოსა და ფულის დაზოგვის მიზნით, ადამიანები ნაკლებად იყენებენ ვენტილაციას.

„დროის უმეტეს ნაწილს ადამიანები შინ ატარებენ. დახურული სივრცის ჰაერის ხარისხს დიდი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ცოტამ თუ იცის იმ სახიფათო რისკების შესახებ, რომლებსაც გაზქურები ფლობენ — სადილის მომზადებისას შეიძლება იმდენივე დამაბინძურებლის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდეთ, რამდენსაც პასიური მოწევისას იღებთ“, — ამბობს ორგანიზაცია CLASP-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტინ ეგანი.

მისი განცხადებით, გაზქურებზე ისეთივე გამაფრთხილებელი ეტიკეტების დატანებაა საჭირო, როგორიც სიგარეტის კოლოფებზეა.

ცოტა ხნის წინ, ამერიკის სამედიცინო ასოციაცია იუწყებოდა, რომ გაზქურები სახლში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს და ბავშვებში ასთმის რისკებსა და სიმწვავეს ზრდის.

სახლში გაზის მოხმარება წინა კვლევებმა ასევე დაუკავშირა პატარა ბავშვებში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობას (ADHD) და ზრდასრულებში სასუნთქ და ნერვულ სისტემებზე უარყოფით გავლენას.

წვისა და გამონაბოლქვის პრობლემა

CLASP-ის, ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ალიანსის (EPHA) და ნიდერლანდების გამოყენებითი მეცნიერების კვლევების ორგანიზაციის (TNO) მიერ მომზადებული მოხსენება მართალია მნიშვნელოვანწილად გაზქურის შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვის მიერ ადამიანის ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს ეხება, თუმცა, მოდით, განვიხილოთ ზოგადად წვა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები.

წვა ქიმიური პროცესია, რომლის დროსაც სხვადასხვა ნაერთი ჟანგბადთან ურთიერთქმედებს. რეაქციის შედეგად წარმოიქმნება სითბო და სინათლე. თუმცა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ არასრული წვის დროს გამოიყოფა კვამლი - მცირე ნაწილაკების ნაერთი, რომელთა ჩასუნთქვა ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს. აღნიშნული პროცესი ფოთლების, საწვავის, სიგარეტის და სხვ. წვის დროს მიმდინარეობს.

არასრული წვის შედეგად გამოყოფილი კვამლის შესუნთქვა აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, რიგ შემთხვევებში კი იწვევს ფატალურ შედეგებს. მაგალითად, დახურულ სივრცეში ხანძრის შედეგად მსხვერპლთა 75%-ის სიკვდილს მიზეზი არის არა ცეცხლი, არამედ კვამლი, რადგან ეს უკანასკნელი სხვადასხვა ტოქსიკურ ნივთიერებას, მათ შორის - მხუთავ აირს (CO) შეიცავს.

მხუთავი აირი ადამიანის სისხლში ჟანგბადის ადგილს იკავებს და ჰემოგლობინს უერთდება. მისი ჩასუნთქვის შედეგად ირღვევა ფილტვების ფუნქცია, ორგანიზმი ვეღარ იღებს საჭირო რაოდენობით ჟანგბადს, რაც რიგ შემთხვევებში იწვევს გულის დაავადებებსა და ინსულტს.

აღსანიშნავია, რომ მხუთავი აირი წარმოადგენს იმ ერთ-ერთ მავნე ნივთიერებას, რომელსაც ადამიანი სიგარეტის მოხმარების დროს ჩაისუნთქავს. თუმცა, მხუთავ აირთან ერთად, თამბაქოს წვის დროს გამოიყოფა 7000-ზე მეტი ქიმიური ნივთიერება, მათ შორის: აკროლეინი, ბენზოპიენი, ფორმალდეჰიდები, ციანიდ–წყალბადის მჟავა, სხვა ტოქსიკური ნივთიერებები. მათი ჩასუნთქვის შედეგად იზრდება სხვადასხვა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკები.

მაშინ, როდესაც გაზქურის მოხმარების შედეგად ადამიანის ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის შემცირების ინსტრუმენტს ვენტილაციის გამოყენება წარმოადგენს, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით შეიქმნა ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები, რომლებიც არ მოიცავს წვის პროცესს. აღნიშნული პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება ელ. სიგარეტები, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობები და პერორალური ნიკოტინის პროდუქტები.

წვის ფაქტორის უგულებელყოფის შედეგად, აღნიშნული მოწყობილობები ერთი მხრივ, ამცირებენ მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას, მეორე მხრივ კი უზრუნველყოფენ დაახლოებით 98%-ით ნაკლებ მხუთავი აირის გამოყოფას.

ჯანდაცვის ექპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მწეველთათვის საუკეთესო არჩევანი ნიკოტინისა და თამბაქოს შემცველი პროდუქტების მოხმარებისთვის სრულად თავის დანებებაა, თუმცა, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს მილიონობით მწეველისა და მათ გარშემომყოფთა ზიანის შემცირება თამბაქოს კონტროლის ინიციატივებში ნიკოტინის შემცველი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო პოტენციალის გათვალისწინება მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები