ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაზრდილ ჯარიმებსა და სამართალდარღვევათა შემცირებულ სტატისტიკას შორის პირდაპირი კორელაცია არ არსებობს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ვინაიდან გაზრდილი ჯარიმები მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთია, ხელისუფლება პარლამენტთან ერთად მათი შემცირების ვერსიას განიხილავს.
„ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სტატისტიკას და იმას, რა გავლენას ახდენს ჯარიმების ზრდა სტატისტიკის გაუმჯობესებაზე. ჩვენ დავაკვირდით გასული დაახლოებით ერთი წლის მონაცემებს და ვნახეთ, რომ პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის სამწუხაროდ არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მიღებული მონაცემების საფუძველზე, დღის წესრიგში დგება საკითხის გადახედვის აუცილებლობა.
„აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება მოსახლეობას, აბსოლუტურად შეგვიძლია, განვიხილოთ ასეთი ვერსია, ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით. ამაზე უნდა ვიმუშაოთ საქართველოს პარლამენტთან ერთად“, - აღნიშნა პრემიერმა.
გუშინ, 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი შესაბამის უწყებებთან მუშაობს, რომ საგზაო მოძრაობის წესებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.




























