მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაზრდილ პოლიტიკურ გაურკვევლობას და პოტენციურ სანქციებს საქართველოში FDI-ის შემცირება შეუძლია - IMF

imf საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ საქართველოში გაზრდილ პოლიტიკურ გაურკვევლობას, ასევე პოტენციურ სანქციებს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე შეუძლია გავლენის მოხდენა. ამის შესახებ IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ მიმოხილვაში არის საუბარი.

IMF-მა საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები ფონდის მეოთხე თავით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით გამართა. 22 ივლისს კი შესაბამისი შემაჯამებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში მნიშვნელოვანწილად იგივე საკითხებია აღნიშნული, რაც IMF-ის მისიის ვიზიტის შემაჯამებელ პრესრელიზში ჯერ კიდევ 4 ივნისს იყო მიმოხილული, ასევე უცვლელად არის შენარჩუნებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც ფონდის მიერ წელს საქართველოსთვის 7.2%-ზეა ნავარაუდევი.

IV თავის კონსულტაციების შემაჯამებელ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეროვნული ბანკის მმართველობის დამოუკიდებლობის განმტკიცების საკითხი ფონდისთვის კვლავ ერთ-ერთ კრიტიკულ საკითხად რჩება. ასევე ნათქვამია, რომ IMF-ი მხარს უჭერს გადაწყვეტილების მიღების საპრეზიდენტო მოდელიდან კოლეგიალურ მოდელზე გადასვლას, როდესაც საკითხებზე გადაწყვეტილებებს ეროვნული ბანკის საბჭო იღებს.

"ადგილობრივად გაზრდილ პოლიტიკურ გაურკვევლობას და პოტენციურ სანქციებს FDI-ის შემცირებაზე, ასევე ტურიზმზე შეუძლია გავლენის მოხდენა, რაც თავის მხრივ ლარზე მოახდენს ზეწოლას, თუმცა საქართველოს ფისკალური და ფინანსური ბუფერები ამ ნეგატიური ეფექტების შერბილებას ხელს შეუწყობს.

ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაუმჯობესება კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია, შეივსო საბჭოს ვაკანტური პოზიციები და დაინიშნა სებ-ის პრეზიდენტი. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მმართველობისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ჯერ კიდევ არაა მიღებული. რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს სებ-ის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა, შეზღუდოს მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებმა უნდა დააზუსტოს სებ-ის პრეზიდენტის შემცვლელის (მოვალეობის შემსრულებლის) დანიშვნის წესი და გააუმჯობესოს საბჭოს წევრების კვალიფიკაციის მოთხოვნები. ასევე, სებ-ის საბჭოს მხრიდან მმართველობის კოლეგიური გადაწყვეტილებების მიღების მოდელის დანერგვა კიდევ უფრო გააუმჯობესებს სებ-ის მმართველობის ხარისხს", - ნათქვამია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები