მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზრდილი ხარჯები, შემცირებული წარმოება... - რა პრობლემებია კარტოფილის წარმოებაში?

63fb43d7b70b9
მარიამ იზორია
26.02.23 22:35
1099
გასულ 2022 წელს საქართველოში 4 მილიონი დოლარზე მეტი ღირებულების, დაახლეობით 11 169 ტონა კარტოფილის იმპორტი განხორციელდა. Მაშინ როცა 2021 წელს შემოტანილი კარტოფილის ღირებულება 2.5 მლნ დოლარი, მოცულობა კი 11 464 ტონას შეადგენდა.

Საქართველოდან 2022 წელს კარტოფილის შესასყიდად 2021 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი თანხა გავიდა, მოცულობის მიხედვით კი იმპორტი მცირედ, მაგრამ შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს საქართველომ ყველაზე მეტი ღირებულების კარტოფილი გერმანიაში (1.1 მლნ დოლარი), რუსეთსა (1 მლნ დოლარი) და ბელარუსში (747 ათასი დოლარი) შეიძინა. შეძენილი რაოდენობების მიხედვით კი პირველ ადგილს რუსეთი 3 794 ტონით იკავებს, შემდეგ ბელარუსი მოდის 2 728 ტონით, მესამე ადგილზე კი გერმანიაა 1 224 ტონით. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან კარტოფილის უფრო იაფად შემოდის ვიდრე გერმანიიდან. 

რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების კარტოფილს, საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ გასულ წელს კლიმატური პირობების გამო ქვეყანაში ნაკლები კარტოფილი აიღეს და არსებულმა რაოდენობამ შიდა მოთხოვნაც ვერ დააკმაყოფილა. გაერთიანების ხელმძღვანელი ვახატანგ ბეჟიტაშვილი bm.ge-სთან განმარტავს, რომ ეს დროებითი მოვლენაა და იმის თქმა, რომ ადგლობრივ წარმოებას იმპორტი სრულად ჩაანაცვლებს გადაჭარბებულია. ასოციაციაში ამბობენ, რომ წარმოების ზრდასთან ერთად იმპორტის მაჩვენებელიც შემცირდება.

„ჩვენი ქვეყანა ღიაა საერთაშორისო ვაჭრობისთვის. როდესაც ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას ცხადია, რომ მისი ჩანაცვლება იმპორტირებული პროდუქტით ხდება. ეს დროებითი მოვლენაა და იმან გამოიწვია, რომ საქართველოში ცუდი კლიმატური პირობების გამო ნაკლები მოსავალი იყო.

რაც შეეხება, იმპორტზე დამოკიდებულებას, ქართული წარმოება ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ მოძლიერდა, რასაც წინა წლების საექსპორტო მაჩვენებლებიც მოწმობს. აქედან გამომდინარე, იმპორტის ასეთი დიდი წილი დროებითია“, - ამბობს ბეჟიტაშვილი..

იმპორტის ზრდას და ადგილობრივი წარმოების შემცირებას ეხმაურება კარტოფილის მწარმოებელიც. როგორც ფერმერი bm.ge-სთან ამბობს, 2022 წელს საწვავის, სასუქისა და სხვა ნივთიერებების, ასევე მუშახელის განსაკუთრებით გაძვირების გამო, იმ ფერმერების რაოდებნობა შემცირდა, რომლებსაც მიწის დამუშავება და კარტოფილის მოყვანა უღირთ.

მისივე განმარტებით, გაზრდილი ხარჯის გამო ადგილობრივი პროდუქტი უფრო ძვირია, შესაბამისად, მომხმარებელს იმპორტირებული, შედარებით დაბალფასიანი პროდუქტის შეძენა ურჩევნია.

„გაორმაგდა მიწის დამუშავების ხარჯი. აქედან გამომდინარე, ფერმერების უმეტესობამ მიწა ვერ დაამუშავა, ამიტომ შემცირდა კარტოფილის წარმოება. გასულ წლებში თუ იმ ფერმერების პროცენტულობა, რომლებიც მიწებს ამუშავებდნენ, დაახლოებით 70-80% იყო, 2022 წელს ეს მაჩვენებელი განახევრდა.

იმპორტირებული კარტოფილი დაახლოებით 1.50 ლარი ღირს. გაცილებით უკეთესია ხარისხითაც ვიდრე ქართული, შესაბამისად მომხმარებელს მისი შეძენა უღირს", - ამბობს ფერმერი.

2022 წელს საინტერესო მაჩვენებლები დაფიქსირდა ექსპორტის მიმართულებითაც. 2022 წელს ქვეყანამ 5 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 23 650 ტონა კარტოფილი გაყიდა. 2021 წელს კი ექსპორტის მოცულობა ორჯერ მეტი იყო და 50 127 ტონას შეადგენდა. ყველაზე მეტი რაოდენობით/ პროდუქტი საქართველოდან რუსეთში (2 949 ტონა) გავიდა.

საქართველოში კარტოფილის განახევრებული ექსპორტი 2022 წელს შემცირებული წარმოებით აიხსნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში კარტოფილი მარაგი არის და დეფიციტის შექმნა მოსალოდნელი არ არის.

„2021 წელს კარტოფილის ექსპორტმა საქართველოდან აბსოლუტურ მაქსიმუმს მიაღწია, ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ კარტოფილი საექსპორტო კულტურაა. 2022 წელს კი ქვეყანაში შედარებით დაბალი მოსავალია და ეს კი ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნას ზრდის“ - ამბობს გენეტიკური რესურსების ევროპის კოოპერირების პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში რუსუდან მდივანი.

რაც შეეხება ფასებს, იქიდან გამომდიანრე, რომ ამ დროისთვის ბაზარზე იმპორტირებული პროდუქცია ჭარბობს, გასულ წლებთან შედარებით კარტოფილის ფასი გაორმაგებულია. თუმცა ღირებულების კიდევ უფრო მეტად ზრდა მოსალოდნელი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები