მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GCC-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2026 წელს დაიწყება - ეკონომიკის სამინისტრო

gcc

სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2026 წლის პირველ ნახევარში იქნება შესაძლებელი - ამის შესახებ ცნობილი საუდის არაბეთში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძისა და GCC-ის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელ რაჯა ალ-მარზუკის შეხვედრის შემდეგ გახდა.

"GCC-ის წევრი ქვეყნები ქართული ექსპორტისთვის სტრატეგიული ბაზარია. აქ კარგად იცნობენ საქართველოს, მის ეკონომიკური პოტენციალს. გარდა ამისა, საბჭოს ქვეყნების უმრავლესობასთან ჩვენს ქვეყანას აქვს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და ზრდადი ტურისტული ნაკადების დინამიკა. არაბთა გაერთიანებული საამიროების მაგალითი, ვისთანაც ჩვენ უკვე გვაქვს გაფორმებული ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს თანამშრომლობა საბჭოს სხვა ქვეყნებთანაც მოიტანს პოზიტიურ შედეგებს და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს", - განაცხადა გენადი არველაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, GCC-ის მისია მიმდინარე წელს საქართველოს ეწვევა, გაიმართება კონსულტაციები, რის შემდეგაც, 2026 წლის პირველ ნახევარში, შესაძლებელი იქნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება.

"მიმდინარე წლის 2 დეკემბერს მხარეებს შორის შეხვედრა ექსპერტულ დონეზე გაიმართება. აღინიშნა, რომ მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვისთვის, წინასწარი კონსულტაციები კარგი საფუძველი იქნება. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა 2026 წლის იანვარში კონსულტაციების დასრულების შესახებ.

უშუალოდ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება მომავალი წლის პირველ ნახევარში იქნება შესაძლებელი, კონსულტაციების წარმატებით დასრულების და საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში", - ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო 1981 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მიმართულებით კოორდინირება, თანამშრომლობა და ინტეგრაციაა. საბჭოს მონაწილე ქვეყნები არიან: ბაჰრეინი, კატარი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი და საუდის არაბეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები