მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GCCA-იმ ლუდით ვაჭრობის სექტორში „არგოს“ საჩივარი დაუშვებლად ცნო

ლუდი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ლუდით ვაჭრობის სექტორში, სს „არგოს“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.

საკითხი ეხებოდა მოპასუხეების - სს „ქართული ლუდის კომპანიის“ და Swinkels Family Brewers N.V.-ის მხრიდან „კონკურენციის შესახებ" კანონის 113 მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

სააგენტოს თანახმად, საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივნის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთება. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

ინფორმაციისთვის: 113 მუხლის მიხედვით, არაკეთილსინდისიერ კონკურენციად მიიჩნევა ეკონომიკური აგენტის ისეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტისა და მომხმარებლის ინტერესებს.

2025 წელს, GCCA-იმ 3 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.

სს არგო ლუდის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მმართველი დირექტორი ვასილი სულხანიშვილია. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა კი ასეთია: თავმჯდომარე/წევრი: ინა სულხანიშვილი, წევრი: ჯორჯ ამზაშვილი /აშშ/, წევრი: გიორგი ახალაძე. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალი 13 677 720 ლარია.

სს ქართული ლუდის კომპანია 35%-მდე წილს ფლობს ადგილობრივი ლუდის ბაზარზე. ის „ზედაზენი ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელმაც გასულ წელს, "დეილი ჯგუფთან“ გარიგებით უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება შექმნა. სააქციო საზოგადოება 2011 წელს დაფუძნდა. მისი დირექტორი კახაბერ კოტრიკაძეა, ხოლო სამეთვალყურეო საბჭო ასე გამოიყურება: თავმჯდომარე/წევრი - შალვა ჩოჩელი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი - ანა ჩოჩელი, წევრი: საშა ტერნესი /გერმანია/ განთავსებული კაპიტალი 56 519 789 ლარია.

რაც შეეხება Swinkels Family Brewers N.V.-ის, ნიდერლანდურმა კომპანიამ გასულ წელს მიიღო თანხმობა კონკურენციის სააგენტოსგან გარიგებაზე, "საქართველოს კაპიტალისგან" (GCAP) ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესის ყიდვასთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები