მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GCCA-ის ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბაზარზე თამაშის წესებს მარკეტები ადგენენ - ლაშა რიჟამაძე

მარკეტები

კონკურენციის სააგენტომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბაზარზე თამაში წესებს ქსელური მარკეტები ადგენენ - ასე აფასებს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია FMCG ბაზრის მონიტორინგის რიგით მეორე შუალედურ ანგარიშს.

საქმე ისაა, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ FMCG ბაზრის მონიტორინგის რიგით მეორე შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საცალო ფასზე ყველაზე მეტად მოქმედებს "ქეშბექი", რომელსაც დისტრიბუტორი იხდის მიწოდებული პროდუქციის ფასიდან. სააგენტო მიუთითებს იმაზეც, რომ "ქეშბექის' პროცენტული დიაპაზონი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

ლაშა რიჟამაძემ BMG-სთან კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არის სადისტრიბუციო სექტორისთვის გამოწვევა სავაჭრო ქსელების მიერ დაწესებული ე.წ. "ქეშბექების" მზარდი მოცულობები. ასოციაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული გადასახადის გადახდა წინასწარ ხდება, რაც საბოლოოდ კომპანიებისთვის საბრუნავი საშუალებების დეფიციტს ქმნის, რაც საბოლოოდ ტვირთად ისევ პროდუქციის ფასებს აწვება.

“კონკურენციის სააგენტომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის პრობლემები და აქტუალური საკითხები, რომლის წინაშეც დგას სადისტრიბუციო სექტორი და ადგილობრივი მწარმოებლები. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ამ ურთიერთობაში არის რითეილი, ანუ ქსელური მარკეტი, რომელიც ადგენს პირობებს და თამაშის წესებს და ფიზიკურად სადისტრიბუციო კომპანიები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სხვაგვარად გაჰყვნენ მათ თამაშის წესებს. იძულებულნი არიან. შესაბამისად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ რაიმე ტიპის გადასახადზე, ე.წ ქეშბექი და მათ შორის ახალი მაღაზიის გახსნის საფასური, სადაც პირდაპირ და ნათლად ჩანს დასკვნაში, რომ ეს ტვირთი მთლიანად დისტრიბუტორებზე და მწარმოებლებზე გადადის და ამას ადგენს საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტი - მარკეტი.

მათ შორის “ქეშბექი”, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მთლიან ფასწარმოქმნაში და ამ შემთხვევაშიც წინსწრებით ხდება ძირითად შემთხვევაში თანხის გადახდა ამ დაწესებული გადასახადის მიწოდებისთანავე ან ჯდება თანხა მინუსში, რაც რეალურად ქმნის საბრუნავი საშუალებების დეფიციტს. ეს დაკავშირებულია დამატებით საბანკო პროდუქტით სარგებლობის აუცილებლობასთან და ეს ყველაფერი კი საბოლოოდ პროცენტთან, რომელიც ისახება ისევ ფასში და საბოლოოდ აწვება მომხმარებელს. რომელიმე მხარე მაგალითად დღეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ რეგულაცია როგორც ასეთი ამ ურთიერთობაში [ქსელებსა და მიმწოდებლებს შორის] არ არის საჭირო, ვფიქრობთ, რომ არასწორია, იმიტომ რომ ყველა განვითარებულ სახელმწიფოში ეს რეგულაცია არსებობს. არსებობს თუნდაც იმ გადასახადებთან მიმართებაში, რასაც აწესებს მარკეტი დისტრიბუტორისთვის. არსებობს მათ შორის სხვა ტიპის ქმედებებზე, რაც საბოლოოდ არის ფინანსური წნეხი და ტვირთი დისტრიბუტორისთვის, მწარმოებლისთვის და საბოლოოდ უკვე მომხმარებლისთვის”, - აღნიშნა ლაშა რიჟამაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები