წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 2025 წლის მეოთხე კვარტალში 3 კონცენტრაციასთან მიმართებით საქმის წარმოება დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში ჯამში 4 887 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. აქედან 4 873 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ხოლო 14 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების კრიტერიუმები, მათ შორის ერთობლივი წლიური შემოსავლის ნაწილშიც.
აღნიშნული 14 შემთხვევიდან 11 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რის შედეგადაც ისინი სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდა. დარჩენილ 3 შემთხვევაში კი, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, არსებობდა კონცენტრაციის თაობაზე GCCA-სთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულების სავარაუდო დარღვევა, რის გამოც სააგენტომ საქმის წარმოება დაიწყო.
GCCA-ს მონაცემებით, 2025 წლის განმავლობაში საქართველოში სულ 23 768 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. მათგან წინასწარ შეტყობინებას საჭიროებდა და სააგენტოს მხრიდან თანხმობა გაიცა 18 კონცენტრაციაზე.




























