საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საკურიერო მომსახურების სექტორში მოქმედ შპს „ვოლტ ჯორჯიასთან“ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.
სააგენტოს ინფორმაციით, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც კომპანიას ევალება სავაჭრო პოლიტიკის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად „ვოლტ ჯორჯიას“ დაევალა:
- კომპანიაში შიდა პოლიტიკის გადახედვა და მისი კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;
- მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმის შემუშავება ქართულ ენაზე მკაფიო, გასაგები და სრული ფორმით – და მისი განთავსება როგორც სავაჭრო პლატფორმაზე, ასევე ვებ-გვერდზე.
სააგენტოს განცხადებით, მიზანია საკურიერო სექტორში, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი იყენებს, გამჭვირვალობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. „ვოლტ ჯორჯიას“ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ერთი თვის ვადა განესაზღვრა.




























