მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გ.დ. ალკო" შპს "ევერკრაფტ ინტერნეიშენალის" 90%-იან წილს ყიდულობს - GCCA-მ თანხმობა გასცა

გდ ალკო

შპს „გ.დ. ალკო“ შპს „ევერკრაფტ ინტერნეიშენალის“ 90%-იან წილს ყიდულობს. შესაბამის კონცენტრაციაზე თანხმობა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) უკვე გასცა.

შპს „გ.დ. ალკოს“ ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების საბითუმო და საცალო რეალიზაცია, საბითუმო დისტრიბუცია. მისი დირექტორი და 3%-იანი წილის მფლობელი დავით ალავიძეა. კომპანიის 57%-ს ფლობს შპს "მანდალორ ლიმითიდი", 18%-ს - "ალპფორდიო სერვისიზი", 12%-ს - "არევაკო ინვესთმენთ ლიმითედი", ხოლო 5-5%-ს ლევან ლანდია და სიმონ ესართია.

რაც შეეხება შპს „ევერკრაფტ ინტერნეიშენალს“, ეს კომპანია დაკავებულია ღვინის წარმოებით, ასევე ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების საბითუმო და საცალო რეალიზაციით. „ევერკრაფტ ინტერნეიშენალის" დირექტორი და 10%-იანი წილის მფლობელი რევაზ ფერაძეა, ხოლო 90%-ს ფლობს შპს "ალკორითეილ გრუპი".

როგორც GCCA-ს განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ მაღალალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, 2024 წელს მოქმედებდა 215 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 20 148 767.5 ლიტრს, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) - 1275.48-ს. შესაბამისად, ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია.

"შპს „ევერკრაფტ ინტერნეიშენალის“ საბაზრო წილი მცირეა, შესაბამისად, დაბალია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელიც (ΔHHI = 1.04). სადისტრიბუციო მომსახურების ბაზრის მოცულობამ 2024 წელს შეადგინა 7 736 172 745.45 ლარი. ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციაში მონაწილე სუბიექტის საბაზრო წილი - მცირე", - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ GCCA-ის მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრების სტრუქტურისა და კონცენტრაციის მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით, კონცენტრაცია ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

ცნობისთვის, GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

აღსანიშნავია, რომ GCCA-ის მიერ 2024 წელს განხორციელებული 52 593 კონცენტრაცია გადამოწმდა. სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციებთან დაკავშირებით 14 საქმეზე შესაბამის პირებს ჯამურად - 288,400.02 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ, 18 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. რაც შეეხება 2025 წელს, GCCA-იმ თანხმობა გასცა 2 კონცენტრაციაზე, ხოლო 3 კონცენტრაციასთან დაკავშირებით წარმოება მიმდინარე რეჟიმშია.

„გ.დ. ალკოს“ და შპს „ევერკრაფტ ინტერნეიშენალის“ გარიგების შესახებ მეტი დეტალის გასაგებად, BM.GE კომპანიებთან ცდილობს დაკავშირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები