მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგმავს თუ არა საქართველოს რკინიგზა სამგზავრო მატარებლების განახლებას? - კომპანიის პასუხი

შტადლერის მატარებელი

საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებისთვის სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს - კომპანია წლების განმავლობაში მიუთითებდა, რომ სამგზავრო გადაყვანები მისთვის ზარალიანი სეგმენტი იყო და რომ ამ მხრივ EU-ს ქვეყნების მსგავსი პრაქტიკით სახელმწიფო დაფინანსების დაწყება იყო მნიშვნელოვანი. მთავრობამ აღნიშნული მოწოდება წელს გაითვალისწინა და კომპანიას მიმდინარე წლისთვის კომპენსაციის სახით 8 მილიონ ლარს გადაუხდის. ეს იქნება იმ ზარალის კომპენსაცია, რასაც საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანების ოპერირებისთვის იღებს.

BMG-მ საქართველოს რკინიგზას მიმართა კითხვებით, გეგმავს თუ არა კომპანია სამგზავრო მატარებლების განახლების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას და რა მოცულობის ინვესტიციები სჭირდება კომპანიას ამ მხრივ. კომპანია თავს იკავებს კონკრეტული ნაბიჯების დასახელებისგან, რასაც სამგზავრო შემადგენლობების განახლების მხრივ გეგმავენ. კომპანია უთითებს, რომ გეგმავენ აამოქმედონ ბილეთების რეალიზაციის ახალი პლატფორმა, რაც ბილეთების დაჯავშნას გაამარტივებს.

“სამგზავრო შემადგენლობების პარკის განახლების საკითხი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე. საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის მოვლა-შენახვა ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში, რომლის შენარჩუნებას უზრუნველყოფს გარანტირებული შემოსავლები და მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დაცვა

მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, საქართველოს რკინიგზაში ინერგება ბილეთების რეალიზაციის ახალი სისტემა. აღნიშნული პროგრამა ჩაანაცვლებს ძველ პროგრამას, რითაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი სისტემით გამოწვეული ხარვეზები, მომხმარებელს აღნიშნული პროგრამა შესთავაზებს ახალ (მაგ. ადგილის არჩევის ფუნქციონალი) და გამარტივებულ სერვისებს, განახლებულ ვებპორტალსა და მობილურ აპლიკაციას.

გარდა ამისა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საჩივრების მართვის ეფექტური მექანიზმის შემუშავების კუთხით, რაც ასევე გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიის მიერ დაგეგმილია მგზავრთა გამოკითხვა, რის საფუძველზეც დამუშავდება მგზავრთა მოთხოვნები, ხოლო გამოკვეთილი საჭიროებების, ტექნიკურ - ეკონომიკური და სოციალურ მოთხოვნების გათვალისწინებით, განისაზღვრება დანახარჯებთან დაკავშირებული მონაცემები და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებები”, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს რკინიგზის მგზავრთნაკადი 42%-ით, 2.28 მილიონ მგზავრამდე გაიზარდა, მგზავრებიდან მიღებული შემოსავალი კი 50%-ით 41.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

საქართველოს რკინიგზის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი მილიონი ლარის ზარალი იყო დაკავშირებული გასულ წელს სამგზავრო გადაყვანებთან, თუმცა ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს რკინიგზის ზარალი ამ საქმიანობიდან 7.5 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები