მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგმავს თუ არა თბილისის მერია პარკირების ოპერირების უფლების გაყიდვას - კალაძის პასუხი

5e4a8d1b53450
თათია ჩაფიჩაძე
17.02.20 16:53
1307
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, კომპანია „თბილისის პარკინგმა” 2 წლის განმავლობაში 22 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო და „სითი პარკს“ 4 მლნ 300 ათას დოლარს სწორედ ამ თანხიდან გადაუხდის.

გარდა ამისა, როგორც კალაძემ განაცხადა, „სითი პარკისგან“ 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გამოისყიდეს.

ამასთან, როგორც მერმა bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ ეტაპზე მერია პარკირების ოპერირების უფლების გაყიდვას არ გეგმავს.

„არბიტრაჟში წასვლა გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, არ ჰქონდა მნიშვნელობა, მოვიგებდით თუ წავაგებდით. მორიგების შედეგად კი, ჩვენ გვიწევს 4 მლნ 300 ათასი დოლარის გადახდა და ეს არის ის თანხა, რომელიც უნდა წასულიყო ამ კონკრეტული კომპანიის ჯიბეში, მოგებაში და ჩვენ ამ თანხით რაც 2 წლის განმავლობაში ოპერირებს „თბილისი პარკინგი“, დაახლოებით, 22 მლნ ლარის შემოსავალი მივიღეთ და სწორედ ამ თანხებიდან იქნება გაღებული ეს 4 მლნ 300 ათასი დოლარი. გარდა ამისა, ჩვენ „სითი პარკისგან“ მოგვაქვს ტექნიკა, ეს არის ევაკუატორები, ოპერირებისთვის საჭირო ხელსაწყოები, ასევე მოგვაქვს 50 ათას მოქალაქეზე გამოწერილი ჯარიმები, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იქნება ჩვენი ქალაქის საკუთრება. დღეს რომ გავყიდოთ „თბილისის პარკინგი“, შესაძლებლია, 15-20 მლნ მივიღოთ ამ აქტივებიდან, თუმცა ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ გაყიდვას და ვაგრძელებთ მუშაობას; შემოსული თანხები მოხმარდება გამწვანებას, ეკოლოგიის მდგომარეობის გაუმჯობესებას.“ - განაცხადა კახა კალაძემ.

„სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა - მერიამ კომპანიას $4 300 000 გადაუხადა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები