ტანსაცმლის ბრენდის „ლიდერის“ დამფუძნებელი ნინო გიორგაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის გამო, კომპანიას გეგმების განხორციელების პროცესი შეუფერხდა.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აღნიშნა, სწორედ ამ მიზეზით „ლიდერმა“ 2025 წელს პირველად ვერ მოახერხა ექსპორტზე გასვლა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ პროდუქცია 2 წლის წინ ექსპორტი კორეაში გაიტანა, ამასთან, გასულ წელს მოლაპარაკებებს აწარმოებდა გერმანიასთან. ამასთან, კოლექციები ექსპორტზე იგზავნებოდა სომხეთში, საფრანგეთში, შვედეთსა და უკვე კორეაშიც.
„პოლიტიკური რყევები პირველ რიგში ეკონომიკაზე და ბიზნესზე აისახება. შესაბამისად, გეგმები, რაზედაც ერთი წლის წინ ვსაუბრობდით, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე შეფერხდა,“ - აღნიშნა გიორგაძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ამ ეტაპზე ელოდებიან სიტუაციის დასტაბილურებას, რადგან ინვესტორები თავს იკავებენ იმ ქვეყანაში დაფუძნებულ კომპანიებთან თანამშრომლობაზე, სადაც არ არის სტაბილური გარემო.
მიუხედავად სირთულეებისა, ნინო გიორგაძის თქმით, „ლიდერი“ არ აპირებს საქმიანობის შეჩერებას. კომპანია ძველ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს და პარალელურად ადგილობრივი წარმოებისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების გაფართოებას გეგმავს.




























