"ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმის გეგმის პირველი ნაწილი ერთ წელიწადში შესრულდება. მისი მტკიცებით, მთავრობის მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იგივე ხარისხის უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, რასაც ისინი იღებენ დღეს სხვა ქვეყნებში.
„შემდეგი სასწავლო წლისთვის უკვე მზად ვიქნებით იმისათვის, რომ გადავიდეთ მე-2 ეტაპზე. რაც შეეხება კონცეფციის სრულ განხორციელებას, თავისი ინფრასტრუქტურის ნაწილით და სხვადასხვა კომპონენტით, ამას დასჭირდება დაახლოებით 3-4 წელიწადი“, - განაცხადა კობახიძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება პირველ ეტაპზე დაგეგმილ ნაბიჯებში.
შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11- წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.




























