მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა დღეს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას დაამტკიცებს

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტი დღეს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას დაამტკიცებს, რომელიც ირაკლი კობახიძის განმარტებით, რეფორმის ყველა აუცილებელ მიმართულებას მოიცავს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ რეფორმას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისითაც. კობახიძემ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების კონცეფციას მოამზადებს, რომელიც თბილისში, რუსტავსა და ქუთაისში მოწყობა.

„დღეს ჩვენ ვამტკიცებთ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას. ამ რეფორმის მიზანია, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს უმაღლესი სტანდარტების საუნივერსიტეტო განათლება. ყველას კარგად გვესმის, რამდენად დიდია განათლების და განათლებული საზოგადოების მნიშვნელობა. ყველაზე საშიში ქვეყნისთვის არის ის საზოგადოება, რომელიც არის არასაკმარისად ან უხარისხოდ განათლებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ განათლების რეფორმას უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა. არასაკმარისად განათლებული საზოგადოება ადვილად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს, ასეთ საზოგადოებაში იოლია სიძულვილის დათესვა. იოლია ისეთი იდეოლოგიების გავრცელება, როგორიც იყო თავის დროზე ბოლშევიზმი, ფაშიზმი, და როგორიც არის დღეს თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი. ამდენად, ამ რეფორმას ყველა თვალსაზრისით ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისითაც. ის, რომ განათლებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოება, კარგად ესმოდათ იმ ძალებს, რომლებმაც მიზანმიმართულად დაასუსტეს განათლების სისტემა 9 წლის განმავლობაში. ჩვენს ქვეყანაში განათლებულ საზოგადოებას ყველაზე უკეთ შეუძლია დაიცვას საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ეს იცოდნენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა და აქედან გამომდინარე, 2004-2012 წლებში მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს როგორც უმაღლესი, ისე ზოგადი განათლების სისტემის დასუსტებას და მორღვევას. რაც გაფუჭდა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2004-2012 წლებში, ის უნდა გამოსწორდეს ახლა და სწორედ ეს არის უმაღლესი განათლების კონცეფციის საკვანძო მიზანი. კონცეფცია მოიცავს რეფორმის ყველა აუცილებელ მიმართულებას. ეს არის ინსტიტუციური ოპტიმიზაცია, საკადრო პოლიტიკის დახვეწა, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოების განვითარება, სწავლებისა და კვლევების ინტეგრაცია, უმაღლესი განათლების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა, დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება. ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეიდან დაიწყებს კონცეფციის მომზადებას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება თბილისსა და რუსთავს შორის და ასევე ქუთაისში. ეს მოიცავს თანამედროვე სტანდარტების სამუშაო სივრცეებს, აუდიტორიებს, სამეცნიერო ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურას, საერთო საცხოვრებლებს. ჩვენ უნდა შევქმნათ ორი პატარა სამოთხე ჩვენი მომავალი სტუდენტებისთვის.

ხვალ განათლების მინისტრი წარადგენს ზოგადი განათლების კონცეფციას. განათლების რეფორმა უნდაიყოს კომპლექსური თავისი შინაარსით და ამ რეფორმასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომელიც განხორციელდება ზოგადი განათლების სფეროში და ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას განათლების მინისტრი ხვალ გაუზიარებს საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები