მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მირანდა მანჯგალაძის შეფასებით, სურსათის ფასების შესამცირებლად, მთავრობის მიერ დღგ-ს შემცირება "უფრო უპრიანი იქნება"

მირანდა მანჯგალაძე

რითეილ ექსპერტის მირანდა მანჯგალაძის განცხადებით, სურსათის ფასების შესამცირებლად, მთავრობის მიერ დიფერენცირებული დღგ-ს მოდელის შემოღება „უფრო უპრიანი იქნება". ამის შესახებ მან BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ის ამბობს, რომ ეს ნაბიჯი საზოგადოებაზე ზრუნვის კარგი გამოხატულება იქნება. ამ მხრივ ის დიფერენცირებული საგადასახადო შეღავათების უპირატესობაზე საუბრობს. კითხვაზე სურსათის მაღალი ფასების შემცირებისთვის თუ შეიძლება ამ პროცესში გამოსავალი საგადასახადო რეფორმა იყოს, მირანდა მანჯგალაძე ასე პასუხობს:

„უფრო უპრიანი იქნება. თუ ჩვენ ვზრუნავთ რეალურად იმაზე, რომ კარაქი არ გაუძვირდეს ბავშვს, მაგრამ ნაკლებად გვაინტერესებს, პირობითად, თამბაქო, რომელიც დამაზიანებელია, ადამიანი იყიდის თუ არა, პირობითად ვამბობ, შესაძლებელია დიფერენცირება მაგ კუთხითაც მოხდეს.

გამოიყოს საკვები პროდუქტები, სადაც დღგ-ს პრეფერენცია იქნება და შესაბამისად, შეამცირებს ფასს არსებითად მნიშვნელოვან პროდუქტებზე. ამას მივესალმები. როდესაც პრემიერი პრაქტიკაზეც საუბრობს, პოლონეთის პრაქტიკა, ალბათ, საუკეთესო იქნება, რომ გადმოვიღოთ, სადაც ალკოჰოლზე და თამბაქოზე, პირობითად, აქციზების გარდა, დღგ უფრო გაიზარდა, ვიდრე 18%-ია, მაგრამ რეალურად, სხვა პროდუქტებზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ფიქსირებულად 18% კი არ არის, პირიქით, შემცირდა და 0-დან 7%-მდე მერყეობს.

ანუ ორ რამეს გამოვყოფდი ამ საუბარში: წმინდა მოგების თემა, რომელიც კითხვებს ბადებს, და რომელზედაც პასუხები მინდა, როგორც საზოგადოების წევრს. და მეორე საკითხი, როგორც რიტეილ ექსპერტს მაინტერესებს და ვფიქრობ, რომ როცა ხარჯის სტრუქტურაში და ფასწარმოქმნაში დღგ-ს საერთოდ არ ვახსენებთ, როგორც ხარჯის ერთ-ერთ „დრაივს“, ანუ ხარჯის წარმომქმნელს, არასწორად მეჩვენება. დაუბალანსებელი ანალიზი და ლოგიკაა მიწოდებულია საზოგადოებისთვის", - განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები