მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ სიტუაციაში [ივანიშვილი] რაღაცნაირად მიმალულია - რატომ გახდა სტუ "ოცნების" მთავრობის სამიზნე?|მოსაზრება

დავით ზურაბიშვილი

"დაწყნარებულ ადგილას, ვიღაცამ ნაჯახის ქნევა რომ დაიწყოს და არავინ იცის, ნაჯახი ვის მოხვდება - თავისიანს თუ მტერს, ასეთ სიტუაციას ჰგავს [მთავრობის განათლების რეფორმა]", - ასე ხატოვნად აღწერს განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თსუ-სთან შეერთების გადაწყვეტილებას.

BMG TV-ის გადაცემა „წერტილში“სტუმრობისას, განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ექს-დეპუტატმა ვრცლად ისაუბრა მმართველი ძალის გადაწყვეტილების მიღმა არსებულ პოლიტიკურ მოტივებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე.

„ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა, მაშასადამე ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს“ – ხელისუფლების ლოგიკა

დავით ზურაბიშვილი სკეპტიკურად უყურებს განათლების სამინისტროს არგუმენტს, თითქოს ორი გიგანტი უნივერსიტეტის გაერთიანება სწავლის ხარისხს გააუმჯობესებს. მისი თქმით, ეს დასკვნა ყოველგვარ ლოგიკურ კავშირს მოკლებულია.

„ხელისუფლებას აქვს ლოგიკა: უნივერსიტეტები უნდა გავაერთიანოთ, იმიტომ რომ ამაღლდეს ხარისხი. ეს მაგონებს ვლადიმერ სოლოვიოვის ნათქვამს ათეისტ ჰუმანისტებზე: მათ აქვთ ეგეთი ლოგიკა - ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა, მაშასადამე ერთმანეთი უნდა გვიყვარდესო. აქაც ზუსტად იგივეა: არანაირად არ გამომდინარეობს ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებიდან ხარისხის ამაღლება. ხარისხის ამაღლება შესაძლებელია ცალ-ცალკეც და სრულიად სხვა ქმედებებია საჭირო ამისთვის“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა და არაერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ წარმოუდგენია არანაირი კვლევა, დასაბუთებული კონკრეტიკა, თუ რა პრობლემები გადაწყდება ორი უნივერსიტეტის მექანიკური შეერთებით.

რატომ გახდა ხელისუფლების სამიზნე „ლოიალური“ ტექნიკური უნივერსიტეტი?

„წერტილის“ წამყვანმა განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილესაც ჰკითხა, რატომ შეეხო უმაღლესი განათლების რეფორმა ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ხელისუფლებისადმი ნაკლებად კრიტიკული იყო. დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სტუ მთავრობის არაკომპეტენტურობის მსხვერპლია.

მისი ვერსიით, თავდაპირველი სამიზნე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, ხოლო პრინციპი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“ სწორედ ილიაუნისთვის ფრთების შესაკვეცად მოიფიქრეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მოდელი ყველაზე მეტად ტექნიკურ უნივერსიტეტს აზარალებდა, სადაც ბევრი დუბლირებული ფაკულტეტია.

„ირაკლი კობახიძეს ეგონა, რომ უნივერსიტეტების სტრუქტურა ისევ ისეთია, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, როდესაც ყველა უნივერსიტეტს ჰქონდა ერთნაირი სტრუქტურა - ეკონომიკის ფაკულტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი და ასე შემდეგ და აღმოჩნდა, რომ ასე არ არის.... მას შეეძლო ელემენტარულად Google გამოეყენებინა და ნახავდა, რომ ილია უნივერსიტეტში სულ ოთხი ფაკულტეტია, ტექნიკურ უნივერსიტეტში კი - 14. აქედან შვიდი თსუ-ს ფაკულტეტებს ემთხვევა. ამდენად, გამოდიოდა, რომ გაცილებით მეტი უნდა წაერთმიათ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, სადაც პერსონალი, თითქმის ყველა, მეტ-ნაკლებად ლოიალურია ხელისუფლების მიმართ... ასეთი რეალობის წინაშე დადგნენ და მერე გადაწყვიტეს: „მოდი, მაშინ საერთოდ შევუერთოთ ერთმანეთს“... მათი აგდებული დამოკიდებულება იქიდანაც ჩანდა, რომ ფიქრობდნენ, ესენი მაინც ჩვენიანები არიან, სად წავლენ, ჩვენთან იქნებიან და რასაც გვინდა, იმას ვუზამთო. თან დაჰპირდნენ, რომ არავის გაუშვებდნენ, კადრებს არ შეამცირებდნენ და ყველა პროგრამას შეუნარჩუნებდნენ. ცხადია, ეს დაპირება მაინცდამაინც გულწრფელი ვერ იქნებოდა - რეალური ინტეგრაციის შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად ვერ დარჩებოდა. მით უმეტეს, რომ პროცესის არანაირი დასაბუთება ან დეტალური გეგმა არ ყოფილა წარმოდგენილი. იქ მაინც განათლებული ხალხია, პროფესურაა და სიტყვაზე ვერავის ენდობიან. გაუგებარია, როგორ მოხდება ამხელა „მონსტრის“ მართვა, რომელსაც ისედაც უჭირს ფინანსურად. ასეთი გაერთიანება მენეჯმენტის კუთხით ძალიან რთული იქნება და, რა თქმა უნდა, კადრების გადინებას გამოიწვევს“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

რა შემთხვევაში დაიხევს „ოცნების“ ხელისუფლება უკან?|ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის აზრით, თსუ-სთან სტუ-ს შერწყმის გადაწყვეტილების ერთადერთი რეალური „გამუქმებელი“ ბიძინა ივანიშვილია, თუმცა მასზე გავლენის მოხდენა მხოლოდ მასშტაბურ პროტესტს შეუძლია.

„თუ ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, რომ გაჩერდიო, გაჩერდება. აქ საჭიროა [პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების] სიმტკიცე, არავითარი მოფერება არ გაჭრის. ძალიან მკაფიო უნდა იყოს პოზიცია: არავითარი გაერთიანება! თუ სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ და ამან სერიოზული კრიზისის ფორმა მიიღო, მაშინ შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა უკან დაიხიოს ეს მას გაუკეთებია... გივი მიქანაძე და ზვიად გაბისონია იმას გააკეთებს, რასაც ირაკლი კობახიძე ეტყვის და ირაკლი კობახიძე გააკეთებს იმას, რასაც ეტყვის ბიძინა ივანიშვილი“, - თქვა დავით ზურაბიშვილმა, მაგრამ იქვე ისიც აღნიშნა, რომ „ამ სიტუაციაში რაღაცნაირად მიმალულია“.

„ის არ ჩანს და არ აფიქსირებს თავის პოზიციას. ჯერჯერობით, ალბათ უნდა ჩავთვალოთ რომ მისი პოზიცია იგივეა, რაც ირაკლი კობახიძის პოზიცია ან მას აქვს სრული კარტ-ბლანში ამ მიმართულებით“, - დასძინა დავით ზურაბიშვილმა.

თსუ-სტუს შერწყმის საკითხზე ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელშიც დაწერა ვრცელი პოსტი, სადაც ჟურნალისტებს ურჩია, საკითხთან დაკავშირებით, აზრი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს ჰკითხონ, რომლის პირითაც ივანიშვილი საზოგადოებას "ესაუბრება".

"თუ ვინმეს აინტერესებს, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი თსუ-ს და სტუ-სგან ერთი დიდი კატამარანის გაკეთებაზე, დეპუტატებს, მინისტრს ან მით უმეტეს მის მოადგილეს კი არ უნდა ჰკითხოს ამაზე (მათთან ბიძინა პრაქტიკულად არ ურთიერთობს უშუალოდ და პირდაპირ), არამედ იმ პერსონებს, ვისი პირითაც ის საზოგადოებას ეკონტაქტება ხოლმე, ანუ ზაზა შათირიშვილს. თუ შათირიშვილი მომხრეა უნივერსიტეტების გაერთიანების, ე.ი. ბიძინაც მომხრეა, თუ თავს შეიკავებს მკაფიო პასუხისგან, ე.ი. ბიძინას პოზიცია ჯერ არაა გამოკვეთილი, ხოლო თუ დაგმო, მაშინ გათავებული ყოფილა კობახიძის საქმე.

"წამყვანი პროფესორი" რეალურად "პროფესორი ოდეერია"

„წერტილთან“ ინტერვიუში განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ „წამყვანი პროფესორის“ ინსტიტუტის შემოღებაზეც ისაუბრა, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია.

„სხვათა შორის, [უმაღლესი განათლების შესახებ კანონში] ცვლილებებში, რაც მიიღეს, არის ერთი დეტალი, რომელსაც ნაკლები ყურადღება მიექცა, განსაკუთრებით ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების შეერთების გადაწყვეტილების ფონზე. ეს არის ე.წ. წამყვანი პროფესორის პოსტის შემოღება. მე პირადად ამას „პროფესორი ოდეერი“ დავარქვი და ასეც ვეძახი. ეს არის პირი, რეალურად უშიშროების წარმომადგენელი, რომელმაც უნივერსიტეტში ვითარება უნდა გააკონტროლოს“, - აცხადებს ზურაბიშვილი BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

მისივე განმარტებით, ამ ინიციატივის მთავარი მიზანი უნივერსიტეტში ვითარების გაკონტროლება იდეოლოგიური და ცენზურაა.

„მისი ფუნქციაა, გარკვეული მიმართულებები ჩააბაროს იდეოლოგიურად მყარ, ხელისუფლების მომხრე ადამიანებს და არ დაუშვას იქ არანაირი ოპოზიციური აზრი. პრაქტიკულად, მას ცენზორის ფუნქცია აქვს. ამასთან, სრულიად გაუგებარია თავად მექანიზმი, როგორ აპირებენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში „წამყვანი პროფესორების“ ინსტიტუტის დამკვიდრებას“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები