სახელმწიფომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საკუთრებაში არსებული 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი კომპანია „გეით ბიზნეს ცენტრს“ 2 წლით იჯარით გადასცა.
2341-ე განკარგულების მიხედვით, მთავრობამ მიწის იჯარით გადაცემის თანხმობა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე გასცა. კომპანიამ 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 1 350 ლარი იჯარა უნდა იხადოს.
მიწის ნაკვეთი, რომელიც ზაზა ალექსიძის ქ. #2-ში მდებარეობს და ხელნაწერთა ცენტრის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს „გეით ბიზნეს ცენტრმა“ უნდა კეთილმოაწყოს, რისთვისაც მინიმუმ 36 551 ლარი უნდა დახარჯოს. კომპანიას სავალი ბილიკების, გამწვანების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განახლება-აღდგენა ევალება. ამასთან, ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში დამატებითი პირობები გაწეროს და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატაროს.
რა კომერციული სარგებელი ექნება კომპანიას განკარგულებიდან არ ირკვევა.
თავად შპს „გეით ბიზნეს ცენტრი“ 2026 წლის მარტში დაფუძნდა და ალექსიძის ქუჩაზეა რეგისტრირებული. მის წილებს ირინე და თამარ მაჭავარიანები და თათო კერესელიძე ფლობენ, დირექტორი კი გიორგი მაჭავარიანია.
























