ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა ამერიკული ტექ-გიგანტის, Microsoft-ის აქციების 65% გაყიდა და კომპანიაში საკუთარი პოზიციები 2/3-ით შეამცირა. საუბარია 17 მილიონ აქციაზე, რომელთა საერთო ღირებულებაც $8.8 მილიარდი დოლარია.
აღსანიშნავია, რომ ფონდს საკუთარი აქტივების ამხელა მოცულობა ერთ კვარტალში, ფაქტობრივად, არასდროს გაუსხვისებია. იმის მიუხედავად, რომ გეიტსების ფონდის წილი ტექ-გიგანტში მნიშვნელოვნად შემცირდა, Microsoft-ის აქციების 13% კვლავ კომპანიის დამაარსებლის ხელში რჩება.
გადაწყვეტილებამ საფონდო ბირჟებზე გაკვირვება გამოიწვია. ბევრი ექსპერტისთვის გაუგებარია, რატომ გაყიდა ფილანთროპმა აქციების ამხელა მოცულობა იმ კომპანიაში, რომელიც მრავალი ათეული წლის წინ თავადვე დააფუძნა. როგორც ოჯახთან დაახლოებული პირები აცხადებენ, წილის გაყიდვა Microsoft-ის მიმართ ნდობის დაკარგვასთან დაკავშირებული არ არის და რეალური მიზანი საქველმოქმედო საქმიანობისთვის მეტი თანხის მობილიზებაა.
შეგახსენებთ, ბილ და მელინდა გეიტსების საოჯახო ფონდი მსოფლიოს მასშტაბით არაერთ საგანმანათლებლო თუ ჯანმრთელობის დაცვაზე ორიენტირებულ პროექტს ახორციელებს.




























