მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾1-მილიარდიანი ამნისტია ენერგეტიკაში|როგორ უნდა აიცილოს სახელმწიფომ "ქაღალდის ინვესტორების" რისკი?

ირაკლი ტყებუჩავა

საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია Gross Energy Group-ის ფინანსური დირექტორის ირაკლი ტყებუჩავა აზრით, ენერგოკომპანიებისთვის ₾1-მილიარდის ღირებულების ჯარიმების ჩამოწერა ეფექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს, თუ სახელმწიფო კონტროლს მკვეთრად გაამკაცრებს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, სექტორი არ მიეჩვიოს უპასუხისმგებლობას.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ენერგეტიკის სექტორი მასშტაბური „გადატვირთვის“ მოლოდინშია. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 10 დეკემბერს სექტორისთვის 1 მილიარდი ლარის ოდენობის ჯარიმების პატიების შესახებ განაცხადა, დარგის სპეციალისტები და ინვესტორები ამნისტიის დეტალურ კრიტერიუმებს ელიან.

„აუცილებელია, გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება ტექნიკური კუთხით თუ იურიდიული კუთხით, რომ ინვესტორი ნამდვილად ასრულებს თავის ვალდებულებას... ამის გარეშე, რა თქმა უნდა, მივიღებთ ისევ მეორე, ანალოგიურ მდგომარეობას,“ - აცხადებს ირაკლი ტყებუჩავა.

მისივე თქმით, ბაზარზე არსებობენ ე.წ. „ქაღალდის ინვესტორები“, რომელთა მიზანიც პროექტის რეალური განხორციელება არ არის.

„რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერი ინვესტორიც ბევრია და ბევრი ავითარებს თავის პროექტებს, მათ შორის ჩვენც; მართალია, უფრო სწრაფი ტემპით შეიძლებოდა განვითარება, მაგრამ მაინც... ამასთან, არსებობენ ისეთი ინვესტორებიც, რომლებმაც რაღაც კარგი ადგილი შეარჩიეს, ვთქვათ, პროექტის გადაყიდვის მიზნით და ცდილობს, მერე მოძებნოს ინვესტორი. აი, ამ ტიპის პრობლემების გადაჭრა იქნება მკაცრი და კარგი კონტროლი“, - ამბობს ირაკლი ტყებუჩავა.

რა უნდა გახდეს „ჩამკეტი“ არაკეთილსინდისიერი კომპანიებისთვის? - Gross Energy Group-ის ფინანსური დირექტორის მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ ვადები, არამედ შესრულებული სამუშაოს ხარისხიც უნდა შეამოწმოს. მისივე აზრით, კონტროლი ორ ძირითად მიმართულებად უნდა დაიყოს:

  1. ტექნიკური ექსპერტიზა: უნდა შემოწმდეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (Pre-feasibility/Feasibility study) როგორც ხარისხი, ისე უშუალოდ კვლევისას მოპოვებული მასალა.
  2. იურიდიული მონიტორინგი: უნდა დადგინდეს, რამდენად დროულად მიმართავს ინვესტორი სახელმწიფო უწყებებს ნებართვების მისაღებად...

„მემორანდუმის მიხედვით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უნდა შემოწმდეს როგორც ხარისხობრივად, ასევე, უნდა შემოწმედეს ის მასალა, რაც ამ კვლევის ეტაპზე განხორციელდა. უნდა მოხდეს შემდგომი სანებართვო ეტაპების კონტროლიც და ისიც შემოწმდეს იურიდიულ ჭრილში - მიმართა თუ არა დროულად შესაბამის უწყებებს, რა პასუხი მიიღო და ა.შ.“, - აღნიშნა ირაკლი ტყებუჩავამ.

„წერტილის“ წამყვანი Gross Energy Group-ის ფინანსურ დირექტორთან ინტერვიუში ასევე დაინტერესდა, რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც ენერგეტიკული პროექტების განხორციელების ტემპს აფერხებს და რატომაც ინვესტორებს ჯარიმები უგროვდებათ.

ირაკლი ტყებუჩავას თქმით, ინვესტორთა ნაწილისთვის ჯარიმების დაგროვება ხშირად გაუთვალისწინებელ, ფორსმაჟორულ გარემოებებს უკავშირდება. Gross Energy Group-ის ფინანსური დირექტორი აღნიშნავს, რომ არსებობს სპეციფიკური პრობლემები, რომელთა პროგნოზირება საწყის ეტაპზე შეუძლებელია.

მაგალითად, ირაკლი ტყებუჩავას მოჰყავს შემთხვევები, როდესაც ტერიტორიის სტრატეგიული მნიშვნელობა მხოლოდ პროექტის დაწყების შემდეგ იკვეთება.

„არსებობს ზოგიერთი პროექტისთვის ისეთი პრობლემები, რომლებსაც ყოველდღიურ რეალობაში ვერ შევხვდებით... მაგალითად, ისეთ ტერიტორიაზე განხორციელება, რომელიც არ იყო თავიდან ცნობილი, რომ რაღაც სტრატეგიული ობიექტი იყო და პროექტის განვითარების მერე განისაზღვრა ამ ტერიტორიის მნიშვნელობა“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ასეთ დროს მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, პროექტების შეფერხების მიზეზი სახელმწიფო სტრუქტურაა, ადგილობრივი მოსახლეობა თუ სხვა ობიექტური ფაქტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები