თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, როგორც ერთ-ერთი სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამრეწველო დანიშნულების ნედლეულის 2 000 ტონა ტექნიკური კარბონატის მიწოდებაზე შეუთანხმდა და პირველ ეტაპზე, შეთანხმებული ფასის ნაწილის - 1 024 900 ლარის გადაცემა მოსთხოვა.
მათივე ცნობით, დაზარალებულმა თანხა სრულად ჩარიცხა ბრალდებულის კომპანიის ანგარიშზე, საიდანაც ამ უკანასნელმა პირად ანგარიშზე გადაიტანა და თაღლითურად მიისაკუთრა ისე, რომ ვალდებულება არ შეასრულა, დაზარალებულთან კომუნიკაცია შეწყვიტა და მიიმალა.
"ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
























