თბილისის პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, როგორც სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორი, ერთ-ერთი იურიდიული პირის წარმომადგენელს შეუთანხმდა, რომ მის პროდუქციას სავაჭრო ქსელში შეიტანდა, რისთვისაც მან სავაჭრო-სარეალიზაციო ობიექტებში გადასახდელი, ე.წ. ქონების განთავსების საკომისიო თანხა და ანაზღაურება მოითხოვა. ბრალდებულმა დაზარალებულისგან 106 000 ლარის საქონელი და თანხა მიიღო, რაც სრულად მიისაკუთრა.
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.






















