"ყაზბეგის" საბაჟოს გავლით ₾150 ათასზე მეტი ღირებულების საიუველირო ნაკეთობების უკანონო შემოტანისთვის დაკავებულია 1 პირი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოიტანა 665.71 გრამი საიუველირო ნაკეთობები, საერთო ღირებულებით 150,271.71 ლარი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია აღნიშნული საიუველირო ნაკეთობები, ასევე ბრალდებულის მართვაში არსებული ავტომანქანა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით", - წერია გავრცელებულ პრესრელიზში.




























