მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾38 მილიონით მოზიდული ₾500 მილიონი - ავთანდილ კასრაძე GITA-ს ეფექტიანობას აჯამებს

ავთო კასრაძე

მას შემდეგ, რაც 2014 წელს, საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დაფუძნდა, ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და რეგიონული ჰაბის როლიც შეითავსა, რაც ქვეყანაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის, 500 Global-ის შემოსვლას უკავშირდება. თუმცა ეკოსისტემის განვითარების გარდა, ერთი კონკრეტული მიმართულება, რომლითაც GITA ქართულ სტარტაპებს ეხმარება - თანადაფინანსების საგრანტო პროგრამაა, რომლითაც, ბოლო წლებში, ათობით სტარტაპმა ისარგებლა.

როგორც GITA-ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ BMG-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, სააგენტოს არსებობის ისტორიაში GITA-მ სტარტაპებში 38 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო ამ თანხამ სტარტაპებს ნახევარი მილიარდი ლარის კერძო კაპიტალის მოზიდვის საშუალება მისცა. ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, GITA-ს საგრანტო პროგრამის მონაწილე ქართულ სტარტაპებში 3000-მდე ადამიანი არის დასაქმებული, ხოლო ამ კომპანიებმა, ჯამში, 150 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

“წარმოუდგენლად დიდი შედეგი გვაქვს, რომელსაც ნამდვილად არ ველოდით. ჩვენ მიერ დახარჯულ 38 მილიონ ლარზე, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი კერძო შემოდინება გვაქვს ქვეყანაში. ამ თანხის უდიდესი ნაწილი, რასაკვირველია, უცხოურ ინვესტიციას წარმოადგენს, მაგრამ თავად ეს თანხა 13-ჯერ უფრო დიდ უკუგებაა სახელმწიფოს მიერ დახარჯულ თანხასთან შედარებით. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 38 მილიონი ლარით დაფინანსებული სტარტაპების ნაწილი სამი და შვიდი თვის წინ დაფინანსდა, ანუ ჯერ საკმარისი დროც არ გასულა იმისთვის, რომ მათ ინვესტიცია მოეზიდათ.

ჩვენ, ცხადია, დასაქმების მაჩვენებელსაც ვაკვირდებით. მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებში სამი ათასამდე ადამიანი უკვე დასაქმდა - აქ მხოლოდ ჩვენ მიერ დაფინანსებულ კომპანიებს ვგულისხმობ, თორემ სტარტაპები GITA-ს გარეშეც არსებობენ და საინტერესოა, რომ სახელმწიფო დახმარება არ დასჭირდათ და კერძო ინვესტიციის მოსაზიდად თავიდანვე მზად იყვნენ.

კიდევ ერთი პარამეტრი, რომელსაც ვაკვირდებით - გაყიდული პროდუქციისა და ექსპორტის მაჩვენებელია და ამ მხრივაც სერიოზული შედეგი გვაქვს. ჩვენ მიერ დაფინანსებულმა სტარტაპებმა დაახლოებით 150 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, ანუ მათ ის საკუთარი პროდუქტებით მიიღეს და თავად ეს თანხა, ცალკე აღებული, უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფოს მიერ ინვესტირებული 38 მილიონი ლარი”, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ BMG-სთან ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები