“მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს ისაა, რომ სტარტაპები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ანუ არ არის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემთ სწორი მეთოდოლოგიით ისწავლონ”, - ასე ფიქრობს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული პირველი ქართული ვენჩურული ფონდის მმართველი პარტნიორი. ირაკლი ქაშიბაძე დასძენს, რომ ფონდის მიზანი საქართველოში პერსპექტიული იდეების მქონე ადამიანების აღმოჩენა და მათთვის პირველადი კაპიტალის მიცემაა, რომლითაც ისინი პროტოტიპს შექმნიან და იდეის ვალიდაციას შეუდგებიან.
“თავის დროზე, Apple-ის პროექტის არავის სჯეროდა და სტივ ჯობსმა კომპანიის მესამედი Atari-ის დამფუძნებელს შესთავაზა, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. შემდგომ, Apple-ში $350,000-იანი ინვესტიცია ვენჩურულმა ფონდებმა განახორციელეს და დღეს, კომპანიის ღირებულება სამ ტრილიონ დოლარს შეადგენს... მჯერა, რომ საქართველოში არიან ნიჭიერი ადამიანები, რომელთაც გლობალური პროდუქტების შექმნა შეუძლიათ. ჩვენ კი, ვენჩურული ფონდით და აქსელერაციის პროგრამით ამ ადამიანებს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ინოვაციური პროდუქტების შექმნაში და ამ ქვეყნის 18-ტრილიონიან ბაზარზე გაფართოებაში დავეხმარებით”, - განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ “საქმიან საღამოში”.
რა სინერგია შეიძლება არსებობდეს FUTURELAB-სა და “საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” (GITA) შორის, რომელიც სწორედ ირაკლი ქაშიბაძემ დააფუძნა.
“2014 წელს, GITA-ს შექმნის იდეა რომ გამიჩნდა, საქართველოში სიტყვა “სტარტაპი” არ იცოდნენ. ახლა ეს ტერმინი ძალიან პოპულარულია და ამ პროცესის ბევრს სჯერა. დადგა დრო, ამ პროცესში კერძო სექტორი ჩაერთოს. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან ვხედავთ, სახელმწიფო “ფონდების ფონდის” შექმნის მიმართულებით უნდა განვითარდეს და მსგავს ინიციატივებს მხარი დაუჭიროს. ასეთი გამოცდილება არის თურქეთში, პოლონეთში, კორეაში, ახალ ზელანდიაში და ინდოეთში და ეს ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ამგვარად, ვფიქრობ, რომ FUTURELAB-სა და GITA-ს შორის, შესაძლოა, ასეთი სინერგია არსებობდეს.
თუმცა ჩვენ საინტერესო ვართ 500 Global-ისთვისაც, რადგან ჩვენ განვითარების ადრეულ ეტაპზე ვართ, მათ კი უფრო განვითარებული სტარტაპები სჭირდებათ. ასე არის AXEL-ის შემთხვევაში. საქართველოში კოოპერაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ საქართველოში პირველი “იუნიქორნი” შევქმნათ”, - განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ “საქმიან საღამოში”.