მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾40 მილიონზე მეტი, რომელიც არასწორად იხარჯებოდა, ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში ყოველწლიურ ჭრილში - კობახიძე

კობახიძე რკინიგზა

მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მისი მეთაურის თქმით, 2025 წელს გაორმაგდა რკინიგზის წმინდა მოგება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“. აქაც განხორციელდა შტატების ოპტიმიზაცია, მთლიანობაში შემცირდა, 1100 შტატი ისე, რომ არაფერი არ დაეტყო რკინიგზას, პირიქით, გაუმჯობესდა რკინიგზის მუშაობის ეფექტიანობა. მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი. ეს ის თანხაა, რომელიც ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებას და შესაბამისად ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება.

ასევე იყო ძალიან მანკიერი პრაქტიკა - შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი კონკრეტული ბიზნესპროცესები, რაც რკინიგზის ოპერირებას უკავშირდებოდა. ეს პროცესები დავაბრუნეთ „საქართველოს რკინიგზაში“ და ამის ხარჯზე ყოველწლიურმა დანაზოგმა ან დამატებითმა შემოსავალმა შეადგინა 18.5 მილიონი ლარი. ანუ რეალურად 40 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც რეალურად გამოდის, რომ არასწორად იხარჯებოდა, ახლა ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში ყოველწლიურ ჭრილში, ანუ საუბარი არ არის ერთჯერად დანაზოგზე, არამედ ყოველწლიურ დანაზოგზე.

ასევე განხორციელდა შესყიდვების ოპტიმიზაცია, საკონტრაქტო ღირებულებების შემცირება და ამის ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა 190.4 მილიონი ლარი. ესეც ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში. ამ ყველაფრის შედეგად, ამ რეფორმების შედეგად, შარშან, 2025 წელს გაორმაგდა რკინიგზის წმინდა მოგება და ეს მოხდა მხოლოდ ნახევარი წლის ხარჯზე. ბატონი ლაშა აბაშიძე რკინიგზის ხელმძღვანელად დაინიშნა შარშან მაისში, უკვე იწურებოდა წლის პირველი ნახევარი და მხოლოდ ნახევარი წლის ხარჯზე და ნახევარწლიანი, ოპტიმიზაციის ხარჯზე ვხედავთ, რომ გაორმაგებულია რკინიგზის შემოსავლები. გაიზარდა თვისებრივად საოპერაციო მოგების მარჟა 25%-დან 36%-მდე რეფორმების შედეგად. 2024 წელს თუ იყო რკინიგზის წმინდა მოგება 68 მილიონი ლარი, 2025 წელს შეადგინა 145 მილიონი ლარი. ხედავთ, რამდენად შთამბეჭდავია რეფორმის შედეგები“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღდგება ქუთაისის მიმართულება, წელს დასრულდება თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია.

„ასევე შეიქმნა რკინიგზის განვითარების 10-წლიანი და 3-წლიანი გეგმები. 2026-28 წლების გეგმის მიხედვით, დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა, ასევე ავტომატიზებული სისტემების დანერგვა და ამ ყველაფრის შედეგად რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 15-დან 30 მილიონ ტონამდე, გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა. ასევე ჩვენ შევიძენთ 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად სამგზავრო გადაყვანები, რომელიც არის ახლა წაგებიანი, გახდება მთლიანად მოგებიანი, დღეს სუბსიდირებულია და გახდება მოგებიანი. გაიზრდება მგზავრების გამტარუნარიანობა 2-დან 5 მილიონამდე, ორნახევარჯერ გაიზრდება მგზავრების გამტარუნარიანობა „საქართველოს რკინიგზაში“.

ასევე რკინიგზას დაემატება ქუთაისის მიმართულება, აღდგება ქუთაისის მიმართულება. წელს დასრულდება თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია. ახალციხის მონაკვეთი საერთოდ გაჩერებული იყო წლების განმავლობაში. ამ ყველაფრის შედეგად გადაადგილების დრო არსებითად შემცირდება - თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე გადაადგილების დრო თუ შეადგენს ახლა 5.5 საათს, შემცირდება 4 საათამდე, საათ-ნახევრით. და რაც შეეხება ახალციხეს, თავის დროზე, როცა მოქმედებდა ეს რკინიგზა, 6 საათი სჭირდებოდა გადაადგილებას, დასჭირდება 3 საათი, შემცირდება გადაადგილების დრო ორჯერ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაიწყება ანაკლიის 18-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ასევე, განხორციელდება ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის, ეგრეთ წოდებული „კუკუშკის“ რეაბილიტაცია.

„ასევე დაიწყება ძალიან მალე ანაკლიის 18-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ასევე, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, განხორციელდება ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის, ეგრეთ წოდებული „კუკუშკის“ რეაბილიტაცია. ეს რაც შეეხებოდა რკინიგზას, ხედავთ, რამდენად შთამბეჭდავია ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა და ეს ყველაფერი არის კიდევ ერთხელ მართვის სისტემის ზოგადად გაუმჯობესების შედეგი, რაც კონკრეტულად აისახა კონკრეტულად რკინიგზაზეც“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები