2025-2026 სასწავლო წლებისთვის, სკოლის ფორმები საქართველოს მოსწავლეებისთვის ჩინეთში შეიკერება - განათლების სამინისტრომ ₾45-მილიონიანი კონტრაქტი, თანაც უტენდეროდ, მიმდინარე წლის მარტში დაფუძნებულ ჩინურ შპს „გლორი ტექსტილ ინდასტრის” გაუფორმა. ბიზნესრეესტრის მონაცემებით, მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ჩინეთის მოქალაქე - ლიუ ქსიაოლია.
„ხელშეკრულება გაფორმდა ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ კომპანიასთან“, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, სულ რამდენი კომპანია მონაწილეობდა აღნიშნულ კვლევაში და იყვნენ თუ არა მათ შორის ქართული ბიზნესსუბიექტები. ფაქტი ერთია - კონტრაქტი გამარტივებული შესყიდვის წესით გაფორმდა.
რაც ჩინურ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის შესახებ ვიცით, არის ის, რომ „გლორი ტექსტილ ინდასთრიმ” ჩინეთში 45 მლნ ლარად 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმა უნდა შეკეროს. სასკოლო ფორმის კომპლექტში ბიჭებისთვის შედის პიჯაკი და 2 შარვალი, გოგოებისთვის - პიჯაკი, შარვალი და 1 ქვედაბოლო, ანუ 1 ერთეულის - პირობითად, კაბის, პიჯაკის ან შარვლის - ფასი 25 ლარი გამოდის. შესაბამისად, უხეშად რომ ვიანგარიშოთ, 1 სასკოლო კომპლექტი ჩინეთში 75 ლარად შეიკერება.
რაც შეეხება სასკოლო ფორმის კომპლექტის საბოლოო ფასს, ანუ რამდენ ლარად მოუწევთ მშობლებს ჩინეთში 45 მილიონ ლარად შეკერილი სასკოლო ფორმების შეძენა - სამინისტროში ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი, ჯერჯერობით, არ აქვთ. უწყებაში აცხადებენ, რომ დეტალური ინფორმაცია მხოლოდ ივლისში გამოქვეყნდება, თუმცა განათლების მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას 17 აპრილს აქვს ნათქვამი, რომ სასკოლო ფორმის ღირებულება დაახლოებით 100 ლარი იქნება.
ასევე, უცნობია და მშობლები მხოლოდ ზაფხულში შეიტყობენ, თუ რა ფორმით მოხდება სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში ამ ფორმების მიწოდება. ზუსტად მხოლოდ ის ვიცით, რომ ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით 60 000-ზე ნაკლებია, ფორმას სრულიად უფასოდ მიიღებს.
მონაწილეობდნენ თუ არა ქართული სამკერვალო კომპანიები განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში? შეძლებდნენ თუ არა ადგილობრივი კომპანიები მსგავსი მასშტაბის შეკვეთის შესრულებას და რა პირობებით? რა უშლის ხელს ადგილობრივ მწარმოებლებს დიდ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისთვის? ასევე, როგორ დაეხმარებოდა 45-მილიონიანი შესყიდვა ქართული ტექსტილის ინდუსტრიის განვითარებას? - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც BMGTV-ის გადაცემა „წერტილის” წამყვანმა უნიფორმების მწარმოებელი ქართული კომპანია „უნისტილის” დამფუძნებელს ნატალია ჩხეიძეს დაუსვა.
სკოლის ფორმების ₾45-მილიონიანი შეკვეთა - რა იცოდნენ ქართულმა კომპანიებმა?
ნატალია ჩხეიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამკერვალო კომპანიები წლებია ბაზარზე ოპერირებენ, ამ მასშტაბური შესყიდვის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ. მისი თქმით, ადგილობრივი ბიზნესისთვის ყველაზე დიდი დარტყმა სრული ინფორმაციის არარსებობა და სახელმწიფოს მხრიდან კომუნიკაციის დეფიციტია.
„ინფორმაცია მხოლოდ იმ დონეზე გვქონდა, რომ სახელმწიფო ამ ინიციატივის განხორციელებასა და შესაბამისი კანონის მიღებას აპირებდა. სამწუხაროდ, სხვა მეტი ინფორმაცია ჩვენ პირადად არ მიგვიღია - ელექტრონულ ფოსტაზე არანაირი გამოკითხვა ან მონაწილეობის მოწვევა არ მოსულა. ჩვენ, როგორც წესი, ორ ძირითად პლატფორმაზე ვეცნობით სატენდერო დოკუმენტაციას: ეს არის tenders.ge და სახელმწიფო სერვისების პორტალი. არცერთ მათგანზე ეს ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
რატომღაც მეგონა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ მოლაპარაკებების ეტაპზე იყო. ისიც კი არ ვიცოდი, რომ პროექტი ამხელა თანხებს უკავშირდებოდა; ზუსტი რიცხვები ახლა, თქვენგან გავიგე. რაოდენობა ვიცოდი, მაგრამ თანხები - თუნდაც ის, თუ რა ჯდება ერთი ბავშვის უნიფორმის მთლიანი მოცულობა - აქამდე ჩემთვის უცნობი იყო. გულში იმედი მქონდა, რომ რადგან ეს იმდენად დიდი პროექტი იყო, მას ნელ-ნელა მოვარგებდით ადგილობრივ, ქართულ წარმოებებს. მართალია, ჩვენი სექტორი დღეს არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ ვიღაცამ ერთბაშად მოჰკიდოს ხელი და 45 თუ 145-მილიონიანი შეკვეთა უცებ შეასრულოს, მაგრამ ეს იყო უდიდესი შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში სამკერვალო სფერო ნელ-ნელა მძლავრ ინდუსტრიად ქცეულიყო. რატომაც არა, ხომ?! ასე რომ, დეტალები ნამდვილად არ ვიცოდი”, - თქვა მან.
„უნისტილის“ დამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ კომუნიკაციის სიმარტივე მაღალ ეშელონებთან ბიზნესის განვითარების მთავარი წინაპირობაა. მისი თქმით, სექტორის მთავარი „ტკივილის წერტილი“ სწორედ ეს დისკომუნიკაციაა.
„ჩვენი მთავარი პრობლემა დისკომუნიკაციაა... რატომ არ უნდა მცოდნოდა ეს ამბავი?! მაგალითად, ელექტრონულ ფოსტაზე ხომ მოგვდის ხოლმე შეტყობინებები - ხან ახალი წარმოების გახსნაზე, ხან ტენდერებზე... ან უბრალოდ საინფორმაციო მეილი მაინც გამოეგზავნათ. ჩვენ ხომ აბსოლუტურად ყველა ბაზაში ვართ რეგისტრირებული?! გუშინ გახსნილი კომპანია ხომ არ ვართ, როგორც, მაგალითად, ის სამი თვის წინ დაფუძნებული ჩინური კომპანია?! ჩვენ აქ ვართ, ამდენი წელია ვმუშაობთ და ინფორმაცია საერთოდ არ გვქონდა ₾45-მილიონიანი შესყიდვის შესახებ... მაღალ ეშელონებთან კომუნიკაცია უნდა გაადვილდეს. ახლა მე რომ მომინდეს, დღესვე შევხვდე განათლების მინისტრს ამ საკითხზე - წარმოიდგინეთ, იქნებ რა ღირებული ინფორმაცია მიმაქვს, იქნებ ისეთი გეგმა მაქვს, რომელიც თავში უკვე ნახევრად დალაგებული მაქვს, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ როგორ შევხვდე?! აი, ეს არის მთავარი კითხვა”, - ამბობს ნატალია ჩხეიძე.
შეძლებდნენ თუ არა 45-მილიონიანი სკოლის ფორმების შეკვეთის შესრულებას ქართული სამკერვალოები?
შეძლებდნენ თუ არა 45-მილიონიანი სკოლის ფორმების შეკვეთის შესრულებას ქართული სამკერვალოები და რამდენად ხელმისაწვდომ ფასად? - ეს კითხვა „წერტილის” წამყვანმა დაუსვა „უნისტილის” დამფუძნებელს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 1990 წლიდან მუშაობს და ამჟამად უნიფორმებს ევროპის არაერთი ქვეყნისთვის კერავს.
ნატალია ჩხეიძემ, შეკვეთის შესახებ დეტალური მოთხოვნების არცოდნის გამო, პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა, მაგრამ ვრცლად ისაუბრა სექტორის მრავალწლიან გამოცდილებასა და საექსპორტო პოტენციალზე (2025 წელს საქართველოდან 170 მლნ დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა). მისივე თქმით, ერთი წლით ადრე ინფორმირების შემთხვევაში, დიდი საექსპორტო გამოცდილების მქონე ქართული სამკერვალო კომპანიები აუცილებლად შეძლებდნენ კონსორციუმად გაერთიანებას.
„ვერ გეტყვით, რომ აუცილებლად ყველაფერი გამოვიდოდა, მაგრამ იმას კი ნამდვილად თამამად გეტყვით, რომ გაერთიანებას - სამკერვალოების ერთად შეკრებას - აუცილებლად შევძლებდით. გეტყვით, კიდევ რის გაკეთებას შევძლებდით - საქართველოდან ექსპორტზე მილიონობით დოლარის ტანსაცმელი გადის, შარშან 170 მილიონის ტექსტილის ექსპორტი გვქონდა. ეს ხომ ჰაერში არ იკერება?! ეს ყველაფერი აქვე, ჩვენს ქვეყანაში იკერება, ანუ ჩვენ ეს შეგვიძლია. მათ შორის, ჩვენს კომპანიასაც გააქვს პროდუქცია ექსპორტზე.
რა თქმა უნდა, სურვილი ერთი დეტალია და შესაძლებლობა - მეორე, მაგრამ დამერწმუნეთ, ქართულ წარმოებებს იმდენი ქარცეცხლი აქვთ გადატანილი... აი, ჩვენ, მაგალითად, ბაზარზე რეალურად 1990 წლიდან ვართ - მარტო ჩვენი კომპანია უკვე 36 წლისაა. იმდენი რამ გვაქვს გამოვლილი, რომ უსაშველოდ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ; საერთაშორისო სტანდარტებიც გვესმის და აქაურიც… სად რა სტანდარტია საჭირო, ყველაფერი ზედმიწევნით ვიცით.
რომ მკითხეთ, ერთი წლის წინ რომ გვცოდნოდა, წელს რა იქნებოდაო, იცით, რა მოხდებოდა?! ყველანი შეკრებილები ვიქნებოდით. მოვიკითხავდით, ვის ჰქონდა ამის სურვილი და შესაძლებლობა… ერთი წლის განმავლობაში ზუსტად იმას მოვახერხებდით, რომ შევკრებდით ამ ხალხს, გავარკვევდით რეალურად რა რესურსი გვაქვს, რა უნდა გაკეთდეს, როგორ გადანაწილდეს საქმე, რომ ეს თანხა, პირველ რიგში, ქვეყნიდან სხვაგან არ წასულიყო. აქ ხომ პატარა თანხებზე არ არის საუბარი?! 45 მლნ ლარი არის მოცულობა, რომლის გადახდასაც, როგორც მივხვდი, სახელმწიფო ყოველწლიურად აპირებს, თუმცა საბოლოო ჯამში, ამ თანხას მშობლები იხდიან, რომლებმაც უნდა შეიძინონ ფორმები”, - თქვა „უნისტილის” დამფუძნებელმა.
გარანტირებული სახელმწიფო შესყიდვების ეკონომიკური ეფექტი სამკერვალო ინდუსტრიისთვის
„წერტილთან” ინტერვიუში ნატალია ჩხეიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმას, თუ რას ნიშნავს ბიზნესისთვის გარანტირებული სახელმწიფო შესყიდვა. „უნისტილის” დამფუძნებელი დეტალურად განმარტავს, რომ ეს არ არის მხოლოდ კერვის პროცესი, ეს არის ქვეყანაში მილიონობით ლარის გადასახადების დატოვება და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა.
„როდესაც ზურგს უკან სახელმწიფო გიდგას, ეს უსაფრთხოების გარანტიაა, რაც ყოველთვის და ყველაფერში ნომერ პირველი პირობაა. ეს არის სტაბილურობის განცდა. გარდა ამისა, ამხელა შეკვეთის დროს 18%-იანი დღგ, 15%-იანი საშემოსავლო, 2%-იანი საპენსიო შენატანი, 15%-იანი მოგების გადასახადი თუ დივიდენდი — ყველაფერი აქვე, ქვეყანაში რჩება. ამასთან, შენ გარანტირებულად ქმნი 3-დან 5 000-მდე მუდმივ სამუშაო ადგილს. ბევრ თანამშრომელს ურჩევნია, უარი თქვას, მაგალითად, 2500-ლარიან, მაგრამ დროებით სამსახურზე და დათანხმდეს სტაბილურ 1500 თუ 2000 ლარს, ვიდრე მხოლოდ 3-4 თვე იმუშაოს მაღალ ხელფასზე და მერე აღარ იცოდეს, რა ელის მომავალში”, - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ სწორედ ასეთი მასშტაბური პროექტებით იწყება ქვეყანაში ნამდვილი ინდუსტრიალიზაცია.
„სამომავლოდ შენ ქმნი უკვე ინდუსტრიას. ასეთი პროექტებით იწყება წარმოებების განვითარება… წარმოება სადაც განვითარებული არ არის, იქ ვერასოდეს ბევრი რამე ვერ განვითარდება”, - თქვა ნატალია ჩხეიძემ.
ინტერვიუში ნატალია ჩხეიძემ დასვა საკითხი იმის შესახებ, რომ ადგილობრივ კომპანიებს ტენდერებში მკაცრ მრავალწლიან გამოცდილებას სთხოვენ, ხოლო ჩინურ ახალდაფუძნებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ყოველგვარი ტენდერის გარეშე გაფორმდა.
„სახელმწიფო კონტრაქტს უფორმებს სულ რაღაც სამი თვის წინ დარეგისტრირებულ კომპანიას, მაშინ, როდესაც მე ტენდერში მონაწილეობისას მინიმუმ ოთხ-ხუთ, ზოგ შემთხვევაში კი ათწლიან გამოცდილებასაც მთხოვენ, სადაც ანალოგიური ტანსაცმელი მაქვს შეკერილი, თუნდაც მილიონიანი შეკვეთა არ იყოს”, - თქვა მან.
ფასწარმოქმნა, ადგილობრივი ბაზრის პრიორიტეტები და ტექნიკური ნიუანსები
რაც შეეხება ფასს, ანუ შეძლებდნენ თუ არა ქართული სამკერვალოები სახელმწიფოსთვის 1 სასკოლო ფორმის დაახლოებით 75 ლარად მიწოდებას, ნატალია ჩხეიძე აღიარებს, რომ ეს დაბალი ფასია, თუმცა, მისი თქმით, სახელმწიფოსთან სწორი პარტნიორობით ქართულ ბიზნესსაც შეეძლო ამ ნიშნულთან მიახლოება.
მან გააჟღერა ორი არგუმენტი, თუ როგორ შეიძლება ფასის ოპტიმიზაცია:
ა) 20%-იანი საფასო პრიორიტეტის აღდგენა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში
ნატალია ჩხეიძის თქმით, ადრე ადგილობრივ მწარმოებლებს სახელმწიფო ტენდერებში უცხოურ კომპანიებთან შედარებით 20%-იანი საფასო უპირატესობა ჰქონდათ, რაც, მისი ინფორმაციით, ტექსტილის სფეროში რამდენიმე წლის წინ გაუქმდა.
„ადრე სახელმწიფო ტენდერებში უცხოელებთან - მათ შორის ჩინეთისა თუ თურქეთის წარმომადგენლებთან - მიმართებით ქართულ წარმოებას 20%-იანი საფასო პრიორიტეტი ჰქონდა. აი, იმ შეღავათსაც თუ დაგვიბრუნებს სახელმწიფო, ფასის დასმას 75 ლარიდანაც შევძლებდით… მაშინ მიდგომა სწორედ ასეთი იყო - თანხა ქვეყნის შიგნით დატრიალდებოდა, ქართველი მეწარმე და საქართველოს მოქალაქეები დასაქმდებოდნენ, გადასახადებსაც, შესაბამისად, აქ გადავიხდიდით”, - თქვა მან.
ბ) დიზაინისა და კონსტრუქციის ოპტიმიზაცია (კუბოკრული ქსოვილის პრობლემა)
მწარმოებელმა ისაუბრა „პროფესიულ საიდუმლოზეც”, რაც ფასზე მოქმედებს - ნატალია ჩხეიძის თქმით, სკოლის ფორმების დამტკიცებული კუბოკრული დიზაინი მკვეთრად ზრდის ხარჯებს, რადგან თარგის გამოჭრისას კუბიკები ერთმანეთს უნდა დაემთხვეს.
„თქვენ იცით, რომ კუბოკრული ქსოვილის ხარჯი შარვალზე 15-დან 20%-მდე მეტია, ხოლო პიჯაკზე - 20-დან 30%-მდე?! წარმოიდგინეთ, ამდენმილიონიან საქმეში, თითოეულ ფორმაზე 20-30%-იანი ქსოვილის ეკონომიის გაკეთებაა შესაძლებელი, თუკი დიზაინი კუბოკრული არ იქნება. მხოლოდ ამ დეტალის შეცვლით უკვე რამხელა თანხის დაზოგვა შეიძლება, ხომ ხვდებით?!”, - ამბობს უნიფორმების მწარმოებელი.
ნატალია ჩხეიძე ფიქრობს, რომ ქართველი მშობლებიც მზად იქნებოდნენ მცირე ფასნამატისთვის, თუ ეცოდინებოდათ, რომ ფული ქვეყანაში რჩება:
„სახელმწიფომ პირველი ერთი წელი რომ გვაპატიოს და ფასი ოდნავ მოგვიმატოს, დარწმუნებული ვარ, არცერთი ქართველი დედა არ გაბრაზდება იმაზე, რომ მისი შვილის სასკოლო ფორმა სხვა ქართველმა დედამ შეკეროს. თუნდაც 15 ან 20 ლარით მეტის გადახდა მოუწიოთ, სამაგიეროდ, ზუსტად ამავე დედებისთვის ქვეყანაში გარანტირებული სამუშაო ადგილები შეიქმნება…”, - აღნიშნა მან.
უცხოელი ინვესტორების მოზიდვა და ნედლეულის ბაზა | ₾45-მილიონიანი შესყიდვის ეფექტი
კიდევ ერთი სტრატეგიული არგუმენტი, რაც ნატალია ჩხეიძემ „წერტილთან” ინტერვიუში წამოაყენა, ეხება ნედლეულის (ქსოვილის) ადგილზე წარმოების პერსპექტივას. მისი აზრით, როდესაც ქვეყანას აქვს გრძელვადიანი კანონი და გარანტირებული ბაზარი, ეს ავტომატურად იზიდავს მსხვილ უცხოელ პარტნიორებს.
„ბავშვების სასკოლო ფორმებს სულ რამდენიმე სახის ქსოვილი სჭირდება. რატომ არ შეგვიძლია, ჩავიდეთ თურქეთში ან ჩინეთში და პოტენციურ ინვესტორებს ვუთხრათ: იცით, ჩვენ ზურგს უკან სახელმწიფო გვიდგას, რომელმაც მიიღო კანონი და ყოველწლიურად გარანტირებულ, 45 მლნ ლარამდე შეკვეთას გვაძლევს… ასეთი პირობებით ნებისმიერი უცხოელი ინვესტორი ჩამოვა და ქსოვილის წარმოებას ნელ-ნელა აქვე, საქართველოში დაიწყებს”, - დასძინა მან.
კადრების დეფიციტის დაძლევის გზები და სოციალური პასუხისმგებლობა
ტექსტილის სექტორში არსებული მუდმივი პრობლემის - კადრების დეფიციტის - საპასუხოდ, რესპონდენტს კონკრეტული და გამოცდილი ხედვა აქვს. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფო გარანტიები პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისთვის სრულიად შეცვლიდა მოტივაციას.
„სტუდენტმა რომ იცოდეს, რომ მის უკან სახელმწიფო დგას და გარანტირებული სამუშაო ადგილი ელოდება, ამ საქმეს სულ სხვა ინტერესითა და პასუხისმგებლობით შეხედავს. დღეს კი რეალობა ასეთია: კოლეჯების კურსდამთავრებულთა 10%-საც კი არ აქვს სურვილი, რომ რეალურად კერვის სპეციალისტი გახდეს და ამ სფეროში დასაქმდეს”, - აცხადებს „უნისტილის” დამფუძნებელი.
გარდა ამისა, ნატალია ჩხეიძემ გაიხსენა ძველი პროექტი, რომლის განხორციელება ისევ შეიძლება - პროცესში პენიტენციური სამსახურის ჩართვა, რის გამოცდილებაც კომპანიას 2010-2011 წლებში ჰქონდა.
„რატომაც არ უნდა ჩავრთოთ ამ პროცესში ნელ-ნელა პენიტენციური სამსახურის ბენეფიციარები?! მაგალითად, კოლეჯიდან მოსულ ადამიანებს პრაქტიკულ საკითხებში დასატრენინგებლად ხშირად 6-8 თვე სჭირდებათ, მათთან კი სულ რაღაც 3 თვეში წარმოუდგენელი შედეგები მივიღეთ. უმაღლესი ხარისხი დავსვით - „წყალკანალს“ შევუკერეთ უნიფორმები. ისეთი შედეგი მივიღეთ, ჩვენ თვითონაც არ გვჯეროდა. თანაც, შრომა ხომ აკეთილშობილებს ადამიანს და მათთვისაც ეს უდიდესი სტიმული აღმოჩნდა - გამომუშავებულ თანხას ოჯახებში გზავნიდნენ”, - თქვა ნატალია ჩხეიძემ.
“უნისტილის” გზავნილი ხელისუფლებას - #ბიზნესისხმა
„უნისტილის” დამფუძნებელმა „წერტილთან” ვრცელი ინტერვიუ ოპტიმისტური, თუმცა ხელისუფლებისადმი მომთხოვნი მოწოდებით დაასრულა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს შანსი გაშვებულია - ₾45 მილიონის სკოლის ფორმები ჩინეთში შეიკერება - მომავალი წლებისთვის პროცესი აუცილებლად საქართველოში უნდა გადმოვიდეს.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ მარტო მე არა - ბევრი ქართული სამკერვალო წარმოება ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს ხმა და გზავნილი სახელმწიფომდე მივიტანოთ. ეს შანსი და ეს თანხები მომავალ წლებში ადგილობრივი წარმოების მართლა ასაყვავებლად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ჩვენს ვერსიას და გეგმას შევთავაზებთ, მათ თავიანთი არგუმენტები და ხელის შემშლელი ფაქტორები გაგვიზიარონ და ყველაფერი ერთად, ერთ მაგიდასთან გადავწყვიტოთ. სკოლის ფორმების შეკერვის კონტრაქტი საქართველოში უნდა დაბრუნდეს”, - განაცხადა ნატალია ჩხეიძემ.




























