უნიფორმების მწარმოებელი ქართული კომპანია „უნისტილის” დამფუძნებელ ნატალია ჩხეიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამკერვალო კომპანიები წლებია ბაზარზე ოპერირებენ, სკოლის ფორმების ₾46-მილიონიანი შესყიდვის შესახებ განათლების სამინისტროსგან და არც სხვა შესაბამისი უწყებისგან შეტყობინება არ მიუღიათ.
სკოლის ფორმები 72%-ის პოლიესტერისგან შეიკერება|₾46-მილიონიანი კონტრაქტი ჩინურ კომპანიასთან დაიდო
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ადგილობრივი ბიზნესისთვის ყველაზე დიდი დარტყმა სრული ინფორმაციის არარსებობა და სახელმწიფოს მხრიდან კომუნიკაციის დეფიციტია.
„ინფორმაცია მხოლოდ იმ დონეზე გვქონდა, რომ სახელმწიფო ამ ინიციატივის განხორციელებასა და შესაბამისი კანონის მიღებას აპირებდა. სამწუხაროდ, სხვა მეტი ინფორმაცია ჩვენ პირადად არ მიგვიღია - ელექტრონულ ფოსტაზე არანაირი გამოკითხვა ან მონაწილეობის მოწვევა არ მოსულა. ჩვენ, როგორც წესი, ორ ძირითად პლატფორმაზე ვეცნობით სატენდერო დოკუმენტაციას: ეს არის tenders.ge და სახელმწიფო სერვისების პორტალი. არცერთ მათგანზე ეს ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
რატომღაც მეგონა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ მოლაპარაკებების ეტაპზე იყო. ისიც კი არ ვიცოდი, რომ პროექტი ამხელა თანხებს უკავშირდებოდა; ზუსტი რიცხვები ახლა, თქვენგან გავიგე. რაოდენობა ვიცოდი, მაგრამ თანხები - თუნდაც ის, თუ რა ჯდება ერთი ბავშვის უნიფორმის მთლიანი მოცულობა - აქამდე ჩემთვის უცნობი იყო. გულში იმედი მქონდა, რომ რადგან ეს იმდენად დიდი პროექტი იყო, მას ნელ-ნელა მოვარგებდით ადგილობრივ, ქართულ წარმოებებს. მართალია, ჩვენი სექტორი დღეს არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ ვიღაცამ ერთბაშად მოჰკიდოს ხელი და 45 თუ 145-მილიონიანი შეკვეთა უცებ შეასრულოს, მაგრამ ეს იყო უდიდესი შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში სამკერვალო სფერო ნელ-ნელა მძლავრ ინდუსტრიად ქცეულიყო. რატომაც არა, ხომ?! ასე რომ, დეტალები ნამდვილად არ ვიცოდი”, - თქვა მან.
„უნისტილის“ დამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ კომუნიკაციის სიმარტივე მაღალ ეშელონებთან ბიზნესის განვითარების მთავარი წინაპირობაა. მისი თქმით, სექტორის მთავარი „ტკივილის წერტილი“ სწორედ ეს დისკომუნიკაციაა.
„ჩვენი მთავარი პრობლემა დისკომუნიკაციაა... რატომ არ უნდა მცოდნოდა ეს ამბავი?! მაგალითად, ელექტრონულ ფოსტაზე ხომ მოგვდის ხოლმე შეტყობინებები - ხან ახალი წარმოების გახსნაზე, ხან ტენდერებზე... ან უბრალოდ საინფორმაციო მეილი მაინც გამოეგზავნათ. ჩვენ ხომ აბსოლუტურად ყველა ბაზაში ვართ რეგისტრირებული?! გუშინ გახსნილი კომპანია ხომ არ ვართ, როგორც, მაგალითად, ის სამი თვის წინ დაფუძნებული ჩინური კომპანია?! ჩვენ აქ ვართ, ამდენი წელია ვმუშაობთ და ინფორმაცია საერთოდ არ გვქონდა ₾45-მილიონიანი შესყიდვის შესახებ... მაღალ ეშელონებთან კომუნიკაცია უნდა გაადვილდეს. ახლა მე რომ მომინდეს, დღესვე შევხვდე განათლების მინისტრს ამ საკითხზე - წარმოიდგინეთ, იქნებ რა ღირებული ინფორმაცია მიმაქვს, იქნებ ისეთი გეგმა მაქვს, რომელიც თავში უკვე ნახევრად დალაგებული მაქვს, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ როგორ შევხვდე?! აი, ეს არის მთავარი კითხვა”, - ამბობს ნატალია ჩხეიძე.




























