სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ხელშეკრულება, რომელიც განათლების სამინისტრომ ჩინურ კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან" გააფორმა. კონტრაქტი 45.6 მილიონ ლარს შეადგენს და მის ფარგლებში 25 აგვისტოდან 30 ნოემბრამდე პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლის ფორმების კომპლექტების შესყიდვა მოხდება, რაც მთლიანობაში 1.8 მილიონ ერთეულს მოიცავს.
აღწერის თანახმად, მატერია, რომლისგანაც ფორმები შეიკერება ძირითადად სინთეტიკური იქნება, უფრო დეტალურად - პოლიესტერი 72%; ვისკოზა 25%; ელასტინი 3%.
გოგოს პიჯაკის შეკერვის ფასად მითითებულია 39.61 ლარი; ბიჭის პიჯაკის ფასად მითითებულია 35.43 ლარი; გოგოს კაბის ფასად მითითებულია 16.76 ლარი; ბიჭის შარვლის ფასად მითითებულია 19.65 ლარი; გოგოს შარვლის ფასად კი ასევე 19.65 ლარი. სასკოლო ფორმის კომპლექტში ბიჭებისთვის შედის პიჯაკი და 2 შარვალი (ჯამური ფასი 74.73 ლარი); გოგოებისთვის - პიჯაკი, შარვალი და 1 კაბა (ჯამური ფასი 76.02 ლარი).

აღწერის თანახმად, ფორმები 40 გრადუს ტემპერატურაზე რეცხვაზე არის გათვლილი.
საქონლის მიწოდება განხორციელდება სამ ეტაპად: I ეტაპი - 301 000 ცალი - 2026 წლის 25 აგვისტომდე; II ეტაპი - 600 000 ცალი - 2026 წლის 15 ოქტომბრამდე; III ეტაპი - 900 000 ცალი - 2026 წლის 30 ნოემბრამდე.
კომპანიასთან ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების გზით გაფორმდა. ჩინურმა კომპანიამ საქართველოში შპს 2026 წლის მარტში დააფუძნა.
კონტრაქტის მიხედვით, ფორმებს შეკერავს ჩინური კომპანია Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management Co, რომლის სამკერვალო ფაბრიკა ჯიანგსუს პროვინციაში მდებარეობს. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, კომპანია სასკოლო ფორმების წარმოებით არის დაკავებული.




























