დეკლარაციის თანახმად, ლევან კობიაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, 2024 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 451,455 ლარი მიიღო, რაც სავარაუდოდ არა ხელფასი, არამედ გასული წლის ეროვნული ნაკრების სპორტული წარმატებისთვის მიღებული პრემია-დანამატებია. აღნიშნული კობიაშვილის მეუღლის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ [უკვე დეაქტივირებული] საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირის მიერ 2025 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა.
უძრავი ქონება
დეკლარაციის თანახმად, ოჯახი ფლობს რამდენიმე საცხოვრებელ ბინას როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში.
თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მის სახელზეა რეგისტრირებული ორი ბინა.
- 233,2 კვ.მ ფართობის ბინა, ნასყიდობით შეძენილი 442,000 აშშ დოლარად (ფაქტობრივი შეძენა 2008 წელს);
- 193,6 კვ.მ ბინა, რომელიც ასევე ნასყიდობით აქვს შეძენილი 2013 წელს, 99,000 აშშ დოლარად.
- ბაკურიანში, დიდველის I ჩიხში, 68,3 კვ.მ ბინა, შეძენილი გაცვლით, 65,000 აშშ დოლარად.
- გერმანიაში, ბერლინში, მას ეკუთვნის: 91,3 კვ.მ ბინა, შეძენილი 943,000 ევროს ფარგლებში;
10 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი, რომელიც ბინის ღირებულებაში შედიოდა. - წულეისკირისა და კობიაშვილის ერთობლივ მფლობელობაშია ასევე ბერლინში 780 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 350 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომლის შესყიდვის ღირებულება 1,6 მლნ ევროა.
საკუთრივ ლევან კობიაშვილი ფლობს:
- თბილისში (წყნეთში) მიწის ნაკვეთსა და 450 კვ.მ სახლს – ნასყიდობით შეძენილი 50,000 აშშ დოლარად;
- ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე 2950 კვ.მ მიწას – შეძენილი 115,000 დოლარად;
- დეკლარაციაში აღნიშნულია ასევე ავტოფარეხი თბილისში, რომელიც 2023 წელს გაყიდა.
ხელფასი
დეკლარაციის თანახმად, ლევან კობიაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, 2024 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მიიღო:
- 307 65,3 ლარი;
- 311 986,58 ლარი;
- 108 704,08 ლარი.
ჯამურად, მხოლოდ ორი თვის განმავლობაში კობიაშვილმა ფედერაციიდან 451,455.96 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ეს თანხა დეკლარაციაში სამგზის არის შეტანილი, სავარაუდოდ, სხვადასხვა კატეგორიით მიღებული ანაზღაურებაა (მაგალითად: ხელფასი, ბონუსი, პრემია). თუმცა, 2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში, რომელიც 2023 წელს ასახავს, მითითებულია კობიაშვილის მიერ ფედერაციის პრეზიდენტობისთვის მიღებული 100 500 ლარი, რაზეც კობიაშვილის განმარტებაა თანდართული - იქიდან გამოდინარე რომ,ბოლო 8 წლის განმალობაში,ფეხბურ თის ფედერაციდან არ მიმიღია ხელფასი,შეცდომა არის დაშვებული გადარიცხვის დროს. სავარაუდოთ ეს არის,ერთჯერადათ მიღებული (პრემია) თანხა" - წერს კობიაშვილი [სტილი დაცულია].
პარლამენტის წევრობისთვის კობიაშვილმა 2024 წელს 36 663 ლარი მიიღო. მისმა მეუღლემ თამარ წულეისკირმა კი საჯარო სამსახურიდან 72 406 ლარი.
ნაღდი ფულადი სახსრები
წულეისკირსა და კობიაშვილს დეკლარაციაში მითითებული აქვთ შემდეგი მოცულობის ნაღდი ფულადი თანხები:
- თამარა წულეისკირი – 50,000 USD და 50,000 EUR;
- ლევან კობიაშვილი – 31,000 USD, 30,000 EUR და 22,000 ლარი.
ჯამში ოჯახი ე.წ. ქეშის სახით : 80,000 ევროს, 81,000 დოლარს და 22,000 ლარს ინახავს.
საბანკო ანგარიშიები
- თამარა წულეისკირი: 1,104 USD, 900 EUR.
- ლევან კობიაშვილი: 1,271.3 GEL, 119.42 EUR.
დამატებითი შემოსავლები/ხარჯები და სესხები
- წულეისკირმა გასული წლის განმავლობაში შვილს სალომე კობიაშვილს შვეიცარიულ სკოლაში სწავლა დაუფინანსა – თანხა შეადგენდა 20,000 შვეიცარიულ ფრანკს.
- დამატებით, წულეისკირს 2021 წლიდან 2024 წლამდე ბინის გაქირავებით 24,000 აშშ დოლარი აქვს მიღებული
- კობიაშვილს ორი სესხი აქვს აღებული „ბაზისბანკში“ – ერთი 189,000 ევროს ოდენობით, მეორე – 390,000 ლარით.
დეკლარაციის მიხედვით, კობიაშვილს ავტომობილი არ ჰყავს, თამარ წულეისკირს კი ჰყავს – 2013 წლის Mercedes-Benz, რომელიც წულეისკირმა 2020 წელს 19,000 ევროდ შეიძინა.




























