მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გაითვალისწინონ ფიზიკურმა პირებმა ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას? | ზურაბ ძნელაშვილის რეკომენდაცია

შემოსავლების სამსახური
29.10.26 18:10
• 629

რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას - ამის შესახებ იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი ზურაბ ძნელაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე რეკომენდაციებს აქვეყნებს.

საქმე ის არის, რომ წელს საქართველოს პარლამენტმა "საგადასახადო კოდექსში" დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც გაუქმდა ქონების გადასახადის მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000-ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და დადგინდა ერთიანი 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი. აღნიშნული ზღვრის ფარგლებში ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან. შესაბამისად, თუ ფიზიკური პირის 2025 წლის შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება და ის არ ფლობს დასაბეგრ მიწის ნაკვეთს, მას 2026 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა.

ზურაბ ძნელაშვილი იმ პირებს, ვისი შემოსავალიც 100 000 ლარს აღემატება დეკლარაციის შევსებისას 6 რეკომენდაციას აძლევს:

"მინდა მცირედი ინფორმაცია მოგაწოდოთ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებით:

  • წელს უნდა წარადგინოთ 2026 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე (ეს გავრცელებული შეცდომაა).
  • თუ წელს ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, შესაძლებელია, რომ ამ პირების მიერ დეკლარაციების ცალ-ცალკე წარდგენის ნაცვლად ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია. საოჯახო დეკლარაციის წარდგენა პირის უფლებაა და არა ვალდებულება (ამ დროს ოჯახის ყველა წევრის გადასახადი საოჯახო დეკლარაციის წარმდგენ პირს დაერიცხება).
  • არ აქვს მნიშვნელობა ინდივიდუალურ დეკლარაციას წარადგენთ თუ საოჯახოს, ორივე შემთხვევაში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის (100 000 ლარის) მიზნებისთვის, დეკლარაციაში იწერება (გასული წლის) ოჯახის შემოსავალი.
  • ქონების გადასახადით იბეგრება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონება/მიწა (ეს პირდაპირ არ წერია საგადასახადო კოდექსში, მაგრამ, ეს დასკვნა ნორმათა სისტემური განმარტებიდან გამომდინარეობს).
  • ქონების გადასახადის გადამხდელია ზემოაღნიშნული ქონების/მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირი (ასევე სახელმწიფო/მუნიციპალური მიწით მოსარგებლე), მიუხედავად მისი მოქალაქეობისა და მიუხედავად მისი რეზიდენტობისა. ანუ თუ ფიზიკური პირი საქართველოში ქონების/მიწის მესაკუთრეა (ან სახელმწიფო/მუნიციპალური მიწის მოსარგებლეა), იგი უკვე ითვლება ქონების გადასახადის გადამხდელად ამ ქონებაზე/მიწაზე (მათ შორის, არამოქალაქეც და არარეზიდენტიც).
  • ოჯახის შემოსავალში შეიტანება როგორც საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, ასევე ის შემოსავალი, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს (ანუ საზღვარგარეთიდან/საზღვარგარეთ მიღებული შემოსავალიც), გარდა ერთი შემთხვევისა:

- საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით. ყველა დანარჩენ პირთან ვითვლით ორივე წყაროდან მიღებულ შემოსავლებს", - წერს ზურაბ ძნელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები