საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, 40 000-ლარიანი ზღვარი გაიზარდა და ფიზიკური პირების ქონების გადასახადს მხოლოდ ის ოჯახები გადაიხდიან, რომელთა შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება.
იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი მოსახლეობას ახალ რეგულაციებსა და იმ აუცილებელ ნაბიჯებს განუმარტავს, რაც ჯარიმებისა თუ გადასახადის ზედმეტად დარიცხვის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო.
“იმ პირებმა, ვინც შარშან ჩააბარა ქონების გადასახადის დეკლარაცია (ვისაც 40 000-დან 100 000 ლარამდე ჰქონდა შემოსავალი), წელს მათ დეკლარირება აღარ მოუწევთ, რადგან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები გათავისუფლდნენ, თუმცა მათ აუცილებლად უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი იმის შესახებ, რომ წელს დეკლარაციას აღარ აბარებენ.
თუ განაცხადს არ წარადგენენ, პროგრამა ავტომატურად გადმოიტანს შარშანდელ გადასახადს და შემოსავლების სამსახური წელსაც დაარიცხავს გადასახადს. ეს ხდება არა - შეგნებულად, არამედ პროგრამულად - სისტემა ისეა აწყობილი, რომ თუ შარშან დაადეკლარირე და წელს აღარ ადეკლარირებ, ავტომატურად გარიცხავს იმავეს.
იმისთვის, რომ ეს ავტომატურად არ მოხდეს, მოქალაქეებს მაინც უწევთ RS-ზე შესვლა და მონიშნონ განაცხადი, რომ სარგებლობენ საგადასახადო შეღავათით და წელს დეკლარაციას აღარ წარადგენენ. ეს მათ დაიცავს იმისგან, რომ პროგრამამ ავტომატურად არ დაარიცხოთ გადასახადი”, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა “წერტილში”.
ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა 1 ნოემბერია, გადახდის კი - 15 ნოემბერი.
როგორც ცნობილია, ფიზიკური პირის ქონების გადასახადს 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახები გადაიხდიან. ჯამში, იდენტიფიცირებულია 107 ათასამდე გადამხდელი, რომელთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადი 86 მილიონი ლარია. აქედან 81 ათასამდე გადამხდელი 100 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირია, რომელთაც აღარ მოუწევთ ჯამში 22 მილიონი ლარის გადახდა, ხოლო 26 ათას გადამხდელს, რომელთაც 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი უფიქსირდება, ქონების გადასახადის სახით 64 მილიონი ლარს გადაიხდის.
























