შპს" სთარინგ ჯორჯიას" დირექტორმა თამარ ჩხაიძემ ხელფასის სახით 2025 წლის განმავლობაში 100 641 ლარი აიღო. აღსანიშნავია, რომ თამარ ჩხაიძემ 2025 წლის განმავლობაში მამისგან, ავთანდილ ჩხაიძისგან პირადი გადარიცხვების სახით ჯამში 28 000 ლარი მიიღო.
ცნობისთვის, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ დირექტორ, თამარ ჩხაიძეს 2024 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ჰქონდა ასახული მამისგან საჩუქარი, თუმცა მაშინ გაცილებით მეტი - 80 000 ლარზე მეტი მიიღო მამისგან.
2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თამარ ჩხაიძეს გასულ წელს უძრავი ქონება შეძენილი არ აქვს. მანამდე კი ნაყიდი აქვს სარდაფის რამდენიმე ფართი და ბინა. კერძოდ:
- 243 კვ.მ-ის ბინა, რომელიც 275 730 დოლარად აქვს შეძენილი 2022 წელს;
- იმავე მისამართზე აქვს 2024 წელს ნაყიდი 3 სარდაფი, რომელთა ჯამური ღირებულება 10 260 დოლარს შეადგენს, ფართი კი დაახლოებით 34 კვ.მ-ია.
გარდა ამისა, თამარ ჩხაიძე ფიქსირდება სს ავტოსადგური დიდუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ 2020-2025 წლებში, საიდანაც გასულ წელს მიღებული აქვს 25 000 ლარამდე შემოსავალი. მისი მეუღლე კი საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო 2024-2025 წლებში, საიდანაც მიღებული აქვს 31 356 ლარი. ვასილ ვაშაკიძეს ასევე გასულ წელს აღებული აქვს ხელფასის სახით 73 569 ლარი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო საწარმოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე, ხოლო შპს სპაგნუმის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე 5127 ლარი.
რაც შეეხება სესხებს, თამარ ჩხაიძის სახელზე სესხის აღება/დაფარვა არ ფიქსირდება. მის მეუღლეს კი დაფარული აქვს იპოთეკური სესხი 19 576 ლარის ოდენობით, ასევე სამომხმარებლო სესხი 1621 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მას უფიქსირდება ბინის გასხვისებიდან 105 000 აშშ დოლარის შემოსავალი და სარდაფის გასხვისებიდან 5000 აშშ დოლარის შემოსავალი.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, თამარ ჩხაიძეს დეკლარაციის შევსების პერიოდში ჰქონდა სახელფასო ანგარიშზე 2402 ლარი, შემნახველზე - 3500 ლარი, საკრედიტოზე კი 10 000 ლარამდე. მის მეუღლეს, ვასილ ვაშაკიძეს კი სახელფასო ანგარიშზე 7585 ლარი, დეპოზიტზე 195 000 ლარი, საბარათე ანგარიშზე კი დაახლოებით 1200 ლარი.
თამარ ჩხაიძეს ჰყავს სამი შვილი. ის 1987 წელსაა დაბადებული და “სთარინგ ჯორჯიას” დირექტორის პოზიციას 2025 წლიდან იკავებს. აღსანიშნავია, რომ სთარინგ ჯორჯია თბილისის საკონცერტო დარბაზის [ფილარმონიისა] და ბლექ სი არენას გაერთიანებული ვერსიაა, რომელიც 2024 წლის ბოლოს ერთ კომპანიად ფუნქციონირებს, გასულ წელს კი მათ შეუერთდა შპს სერვისი-7, იგივე “ციცინათელას” პარკი შეკვეთილში.




























