PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2025 წლის მარტში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, გაიზარდა, 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.3%-ით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით და 962 985 შეადგინა.
მცირდება 600 ლარამდე ხელფასის მქონეთა რაოდენობა, ხოლო 2 400 ლარის და მეტი ხელფასის კატეგორიაში ზრდა ფიქსირდება.
უფრო დეტალურად, 2025 წლის მარტში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 13.7%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
მარტში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 29.9%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.7%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.