თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მესამე ლოტის - ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით თებერვალში გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. საერთაშორისო ტენდერის სავარაუდო ღირებულება 932 მილიონ ლარს შეადგენდა და მასში მონაწილეობა სულ რვა კომპანიამ მიიღო. ტენდერი 2026 წლის თებერვალში გამოცხადდა და ის თავდაპირველი გეგმით 15 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის ჯერ 8 მაისამდე, საბოლოოდ კი პირველ ივნისამდე გადავადდა.
გამოცხადებული ტენდერი ორი ძირითადი სეგმენტის მშენებლობას გულისხმობს:
- ავჭალა–გლდანის 5.8-კილომეტრიანი მონაკვეთი;
- გლდანი–აეროპორტის 16.7-კილომეტრიანი მონაკვეთი.
ტენდერში მონაწილეობა სულ რვა კომპანიამ მიიღო, თითოეულ მათგანს უნდა წარედგინა ან მხოლოდ პირველი ლოტის ან მეორე ლოტის ან ორივე ლოტის ერთად ფასი. წარდგენილი ფასები 950 მილიონი ლარიდან 1.16 მილიარდ ლარამდე მერყეობს, შესაბამისად, არცერთ მონაწილეს ტენდერით გათვალისწინებულ 932 მილიონ ლარზე დაბალი წინადსადება არ წარუდგენია.
კომპანიების მიერ წარდგენილი წინადადებები ასე ნაწილდება:
| კომპანიის სახელი | ლოტი 1 - ავჭალა-გლდანის მონაკვეთი | ლოტი 2 - გლდანი-აეროპორტის მონაკვეთი | ჯამური ფასი - ლარებში |
| China Railway Tunnel | 553,110,952 ლარი; | 610,032,692 ლარი; | 1,163,143,644 ლარი; |
| Guizhou Highway | 543,883,409 ლარი; | 606,613,989 ლარი; | 1,150,497,398 ლარი; |
| Hunan Road & Bridge | 569,719,547 ლარი; | 533,563,964 ლარი; | 1,103,283,511 ლარი; |
| Sinohydro Bureau 16 & 14 JV | 506,403,259 ლარი; | 517,211,134 ლარი; | 1,023,614,393 ლარი; |
| Xinjiang Beixin | 483,320,107 ლარი; | 486,751,691 ლარი; | 970,071,798 ლარი; |
| Longjian Road & Bridge | 471,227,787 ლარი; | 479,173,385 ლარი; | 950,401,172 ლარი; |
| Anagi Peri Partners JV | წარდგენილი არაა | 684,402,139 ლარი; | 684,402,139 ლარი; |
| JV Black Sea / Peri / New Road | 531,731,821 ლარი; | წარდგენილი არაა | 531,731,821 ლარი; |
შესაბამისად, ყველაზე დაბალი ფასი ჩინურმა კომპანია Longjian Road and Bridge Co-მ წარადგინა 950 მილიონი ლარის ოდენობით. ხოლო ქართულმა კომპანიებმა "ბლექ სი გრუპმა" და "ანაგმა" წარადგინეს წინადადებები მხოლოდ თითო მონაკვეთის მშენებლობაზე და არა პროექტის სრულად განხორციელებაზე.
თბილისის შემოვლითი მაგისტრალის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთი:

გეგმის მიხედვით, მაგისტრალი იქნება 4-ზოლიანი და რთულ საინჟინრო ნაგებობებს მოიცავს: 16 ხიდს, 4 პარალელურ გვირაბსა და 4 სატრანსპორტო კვანძს. გზა სათავეს ავჭალის სარკინიგზო ხიდთან იღებს, მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით და დიდი ლილოს შესასვლელთან, ლილოს ბაზრობამდე სრულდება.
უკვე დასრულებულია გზის მეორე ლოტის - წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო ტენდერი, რომელშიც წინადადება ათმა კომპანიამ წარადგინა. იმის მიუხედავად რომ ტენდერის სავარაუდო ღირებულება 490 მილიონ ლარს შეადგენდა, მასში მონაწილე არცერთ კომპანიას 490 მილიონზე დაბალი თანხა არ წარუდგენია და მიღებული შეთავაზებები 520 მილიონი ლარიდან 952 მილიონ ლარამდე მერყეობს. ამჟამად სამინისტრო აღნიშნული წინადადებების შეფასების პროცესშია.




























