მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გელა გელაძე: აქციაზე დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება

გელა გელაძე

შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით მიმდინარეობს, ამ დროისთვის კი 5 პირია დაკავებული.

„გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, 5 ადამიანი არის დაკავებული. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, და შესაბამისად, ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ, ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცესში მიეცემა“, - აღნიშნა გელა გელაძემ.

კითხვაზე, უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება დაკავებულთა რიცხვის ზრდას, მინისტრმა უპასუხა: „რა თქმა უნდა“.

გელაძემ ასევე კომენტარი გააკეთა აქციის შედეგად დაშავებულ სამართალდამცველებზე. როგორც აღნიშნა, ინგოროყვას კლინიკაში ამ დრომდე ორი პოლიციელი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

„ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა.

გუშინ ძალადობრივ აქციაზე დაშავდა 30-ზე მეტი პოლიციელი, რომელთა ნაწილიც უკვე გაწერილია საშუალო დაზიანებებით. მხოლოდ ორი პოლიციელი რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელთა მდგომარეობაც გუშინ მძიმე იყო, თუმცა დღეს სტაბილურობა გვაქვს“, - განაცხადა გელაძემ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს აქციაზე გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა.

„მინდა თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო. გამოყენებული იყო პროპორციული ძალა მაღალი სტანდარტით. მინდა საზოგადოებამ იცოდეს - ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები