მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გემზე კაზინოების აკრძალვა, ონლაინთამაშების ნებართვა - მზადდება მორიგი რეგულაცია

637009e1820b5
ვიქტორია მღებრიშვილი
13.11.22 09:30
1732
ონლაინ აზარტული თამაშების წარმოებისთვის ლიცენზიის მიღება და გემზე კაზინოების აკრძალვა - ეს ის ცვლილებებია, რომელიც სათამაშო ბიზნესის რეგულირების მიზნით, კანონში უნდა შევიდეს. მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე უკვე დაწყებულია.

როგორც BM.GE-თან საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ განმარტა, კანონში ცვლილებების შეტანა Moneyval-ის (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი) რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყდა, რომელიც ფულის გათეთრების რისკებიდან გამომდინარე სათამაშო ბიზნესის რეგულირების FATF-ის (ფინანსური ძალების სპეციალური ჯგუფი) სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.

"დღემდე თუ ბიზნესს ფიზიკური აზარტული თამაშების საქმიანობის ლიცენზია ჰქონდა, მას ონლაინ საქმიანობის წარმოებაც შეეძლო, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კი, სათამაშო ბიზნესს ონლაინ საქმიანობის განხორციელებისთვის ცალკე ლიცენზიის მოპოვება დასჭირდება. ამასთან, აღნიშნულ საქმიანობაზე სანებართვო მოსაკრებელი დაწესდება. ეს დარგის წარმომადგენლების დანახარჯებს დიდად არ გაზრდის, რადგან სანებართვო მოსაკრებელი იმდენად მცირე იქნება, რომ საგადასახადო მოსაკრებელი დიდად არ დაუმძიმდებათ… შეიძლება, 1%-ის ფარგლებში ვიანგარიშოთ", - განმარტა დუნდუამ.

რაც შეეხება გემზე კაზინოს ფუნქციონირების აკრძალვას, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ამ საკითხთან მიმართებით ბიზნესის წარმომადგენლებს პრეტენზიები არ აქვთ.

"მეორე ცვლილება, რომელიც კანონში უნდა შევიდეს, გემზე აზარტული თამაშების მოწყობას ეხება. საქართველოში ეს მიმართულება განვითარებული არ არის, მაგრამ რადგან Moneyval-ი ამ კუთხით ფულის გათეთრების რისკებს ხედავს, ვფიქრობთ, გემზე აზარტული თამაშების ორგანიზება უნდა აიკრძალოს. ამ საკითხზე სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გვქონდა და მათ პრეტენზიები არ აქვთ. საქართველოში გემზე კაზინოების წარმოების პრაქტიკა არ არის და ამ საქმიანობის აკრძალვა ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს ეკონომიკურად თუ ბიზნესურად, პრობლემას არ წარმოადგენს", - უთხრა BM.GE-ს მიხეილ დუნდუამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ შედეგად, სათამაშო ბიზნესის საკითხი ქვეყანაში მოწესრიგდება და ყველა მიმართულებით დაემორჩილება ნებართვებს ისე, როგორც ეს მათ შორის ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციაშია გაწერილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები