ET SYNERGY-ის დირექტორი მერაბ ლომინაძე მთლიან შიდა პროდუქტში ენერგეტიკის სექტორის წილის შემცირებას გამომუშავების კლებით ხსნის.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში ენერგეტიკაში 7%-იანი კლება დაფიქსირდა და ჯამში სექტორის გამოშვება 494 მლნ ლარი იყო.
"ჰიდროლოგიის თვალსაზრისით არ არის კარგი წელი, ასე ვთქვათ, არ გვაქვს ჭარბი გენერაცია. ნაკლები გენერაცია შესაბამისად იწვევს ნაკლებ შემოსავალს და პროცენტულ შემცირებას მთლიან შიდა პროდუქტში. მეორეს მხრივ, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ წლევანდელი ფასები თურქეთის რესპუბლიკაში ელექტროენერგიაზე არ ყოფილა წინა პერიოდის მსგავსი და შეიმჩნევა მცირეოდენი კლება. ამ ორმა ნეგატიურმა ფაქტორმა ერთობლიობაში გამოიწვია ის, რომ მშპ-ში ენერგეტიკის წილი, ასე ვთქვათ, შემცირდა.
რეალობა გახლავთ ის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დადგმული სიმძლავრეები გაიზარდა, რამაც მნიშვნელოვნად გენერაციის ობიექტების მიერ ქსელში მითითებული ელექტროენერგია გაზარდა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ ახლა სახეზე გვაქვს ექსპორტის შემცირება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, თუ სად უნდა გაიყიდოს ის ელექტროენერგია, რომლის გენერაციასაც ახორციელებს ქვეყანა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში ენერგოპოლიტიკის ცვლილება ისე მოხდება, რომ მეტი ყურადღება მიექცევა ქვეყნის შიგნით მოხმარებას და ელექტროენერგია გახდება ნედლეული და არა საქონელი და უკვე გადამუშავებული ფორმით მოხდება მისი ექსპორტი. მაგალითად ისეთი პროდუქტებით როგორიც ფეროშენადნობებია", - ამბობს ლომინაძე.




























