მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია: "გვხვდებიან მწარმოებლები, რომლებიც ტესტებს ასაღებენ, როგორც ხარისხიანს"

5e8f4793257d8
ნინი ლონგურაშვილი
09.04.20 20:40
2768
გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ჩალაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში COVID -19-ის დასადგენი, სწრაფი ტესტების საქართველოში შემოტანაზე ისაუბრა. ჩალაძე ამბობს, რომ ხშირად ხვდებათ მათ გამყიდველები, რომლებიც იტყუებიან და ტესტებს ასაღებენ, როგორც ხარისხიანს.

მისი თქმით, კერძო სექტორს სჭირდება დიდი გამოცდილება, გაარჩიოს ხარისხიანი და უხარისხო ტესტების მიმწოდებლები.

"ძალიან ხშირად გვხვდება ტესტების მომწოდებელი გამყიდველი, რომელიც იტყუება, ისინი ასაღებენ ტესტებს, როგორც ხარისხიანს. ასორტიმენტი არის ძალიან ფართო, პრობლემა არის ზუსტად ამაში, რომ კერძო სექტორს სჭირდება მაღალი დონის გამოცდილება, გაარჩიოს ხარისხიანი და არახარისხიანი. თუ თქვენ დღეს იწყებთ კომპანიებთან ურთიერთობას, მას არ უნდა ენდოთ. რამდენიმეწლიანი სტაბილური თანამშრომლობა უნდა იყოს, რაც ნდობას გამოიწვევს. ჩვენ რამდენიმე ასეული წერილი მოგვდის მომწოდებლებისგან, მაგრამ ვთანამშრომლობთ მხოლოდ მათთან, ვისაც წლების განმავლობაში ვიცნობთ და ვენდობით. ესენი არიან მსოფლიო ბრენდები, ამ კომპანიებს ყველა ენდობა და მათი ხარისხი არცერთ დღეს არ დამდგარა ეჭვქვეშ", – განაცხადა გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ჩალაძემ.

მან ასევე ტრანსპორტირების გამოწვევებზეც ისაუბრა.

“ჩვენი გამოცდილებით, თუკი არ მოხდება წინასწარ, რამდენიმე კვირით ან თვით ადრე კომპანიებთან შეთანხმება, ხვალ რომ გვინდა მოწოდება, ეს შეუძლებელია... ამას სჭირდება ძლაიან სწორი მენეჯმენტი და დროის განსაზღვრა, როდის შეძლებენ ჩამოტანას. ტრანსპორტირება არამხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში დღეს წარმოადგენს პრობლემას. თუნდაც უკვე გამზადებული ტვირთი გვქონდეს, მისი საქართველოში ჩამოტანა ძნელდება, იმიტომ რომ შეზღუდულია ფრენები, სრულდება მხოლოდ ნაწილი იმ ფრენებისა, რაც ჩვეულებრივ რეჟიმში ხდებოდა, 3 და 5 დღეში ჩვენი შეკვეთილი ტესტები ვერ ჩამოდის, შესაბამისად მოწოდებები რთულდება", – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები