მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გენგეგმის ეტაპზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა კვლევა ჩატარებულია“ – „ორბი“ ბახმაროს პროექტზე

ორბი

კომპანია „ორბი ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ბახმაროს პროექტთან დაკავშირებით კომპანიას ყველა ტიპის საჭირო კვლევა ჩატარებული აქვს. როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი კვერღელიძე BMG-თან საუბრისას აცხადებს, მათ შორის დასრულებულია გარემოს ზემოქმედების შესახებ კვლევაც. მისივე თქმით პროცესში საერთაშორისო სპეციალისტები იყვნენ ჩართულები.

„ყველა კვლევა, რომელიც გენგეგმის ეტაპზე არის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული, აბსოლუტურად ყველა ჩატარებულია. ამის გარდა, დამატებით კიდევ მოვიწვიეთ ფრანგი სპეციალისტები, რომლებმაც ზვავსაშიში ზონების კონტურები დააწესეს. ამ პროცესშია ჩართული „გეოგრაფიკიც.“ ეს ჩვენთვის მართლაც სინდისის პროექტია.

ვფიქრობ, ეს არის კარგი მაგალითი და საწყისი იმისთვის, რომ ბახმარო მართლაც განვითარდეს. გარდა იმისა, რომ ჩვენი სურვილიც არის, WilkinsonEyre-ის დაპროექტებულ პროექტში, შეუძლებელია რაიმე გადახვევა მოხდეს. ისინი მზად არიან ნებისმიერი ტიპის ექსპერტთან და გამოცდილებების მქონე კოლეგებთან დასხდნენ და ოპონირება გაუწიონ,“ - აღნიშნა ირაკლი კვერღელიძემ.

ბახმაროში, "ორბი რეზიდენსის" მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, არანაირი კონკრეტული ნებართვა ამ დროისთვის გაცემული არ არის - ამის შესახებ მედიასთან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კონკრეტული საცხოვრებელი არეალის განაშენიანებასთან დაკავშირებით ნამდვილად იყო შესული განაცხადი, თუმცა გარემოს დაცვის სააგენტოს მხრიდან კომპანიას დამატებით დეტალებთან დაკავშირებით კორესპონდენცია გაეგზავნა.

"ამ საკითხზე ჩვენი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ვსაუბრობ. ჩვენთან, კონკრეტულად ამ საკითზე, ანუ კონკრეტული საცხოვრებელი არეალის განაშენიანებასთან დაკავშირებით იყო შემოსული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებითაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან კანონმდებლობის შესაბამისად მიეწოდა ინფორმაცია, რომ გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, შესაძლოა, საჭიროება იყოს, რომ ამ ტერიტორიაზე შესაბამისი შეფასებების ჩატარების, სტრატეგიული გარემოს დაცვის შეფასების, ან გარემოს დაცვის კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების გავლის. ამ საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოს აქვს გაგზავნილი პროექტთან დაკავშირებით შესაბამისი კორესპონდენცია და ჩვენი მხრიდან რაც შემიძლია გითხრათ, გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, რაიმე კონკრეტული ნებართვა კონკრეტულ საკითხზე გაცემული არ არის. ეს არის, რაც ამ წუთში შემიძლია ვთქვა.

რაც შეეხება ჩვენი სამინისტროს პოზიციას, ნებისმიერი ნებართვა, რომელიც საჭიროა გარემოსდაცვითი კუთხით, ბუნებრივია აუცილებელია გაცემული იყოს ნებისმიერი პროექტისთვის, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს", - განუცხადა თანდილაშვილმა მედიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები