საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის გიორგი ქემოკლიძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.
როგორც უწყების განცხადებაში წერია, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციაც აწარმოებდა გამოძიებას მიმდინარე წლის 11 ივლისს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კ. მეტრეველსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
"გამოძიების გარკვეულ ეტაპზე, კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს.
ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია თანხვედრაშია იმ ვერსიასთან, რომელზეც საუბარი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2025 წლის 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში გ. ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი პირი, რომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იქ დასაქმებული ასობით ღირსეული მოსამსახურის რეპუტაციას, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად და კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.
იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას გამოძიებასთან", - წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
სუს-მა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავა. საქმე გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს ეხება. უწყება ამტკიცებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტი ინსცენირებული იყო და თანინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ციხის ადმინისტრაციას გაურიგდა.
აღსანიშნავია, რომ პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა. ფაქტიდან ერთი თვეზე მეტის შემდეგ, 21 აგვისტოს გიორგი ქემოკლიძე და გლდანის ციხის უფროსი დავით გოგობერიშვილი გაუშვეს. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, 8 ოქტომბერს გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, არსებობდა „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ შესაძლოა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ.
22 აგვისტოს თანამდებობა "პირადი განცხადების საფუძველზე" პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ბეჟან ობგაიძემაც დატოვა.




























