მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GEOFLOWER-მა რაჭაში კომპოსტის წარმოება დაიწყო

635291dc2923d
ანუკა ჯოხაძე
21.10.22 17:24
918
ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით რაჭაში კომპოსტის წარმოება დაიწყო. GEOFLOWER საწარმო პირველია რეგიონში, რომელმაც აქცენტი უნარჩენო წარმოებაზე გააკეთა.

წელს კომპანიამ კომპოსტის პირველი საცდელი პარტია აწარმოა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპოსტის წარმოებაში გამოყენება ერთი მხრივ აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და მეორე მხრივ, მცენარეებს სასარგებლო საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს.

GEOFLOWER წარმოებული კომპოსტის გამოყენებას თავისივე ჩაის პლანტაციებში გეგმავს. უფრო მეტიც, მათი თქმით, მომავალ წლებში გეგმაშია კომპანიის ტერიტორიაზე წარმოებული კომპოსტის რეალიზაციაც.

“ჩვენ გვაქვს ჩაის პლანტაცია, რომლის ნიადაგის განაყოფიერების მიზნით ჩვენს კომპოსტს გამოვიყენებთ. ჯერ კომპოსტის პირველი საცდელი პარტია ვაწარმოეთ. მომავალში ამ კუთხით სხვა გეგმებიც გვაქვს, არ არის გამორიცხული დავიწყოთ მისი რეალიზაციაც სხვა მწარმოებლებზე", - აცხადებს ნათია ფრუიძე, „გეოფლაუერის“ სურსათის უვნებლობის და ხარისხის მენეჯერი.

კომპანიაში ამბობენ, რომ უნარჩენო წარმოებაზე გადასვლა დონორების ჩართულობის გარეშე დროში გადაიწევდა. მათი თქმით, ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით პროცესები უფრო მეტად დაჩქარდა. GEOFLOWER-ში აცხადებენ, რომ პროექტმა GRETA-მ მათ სწორი სწორი მიმართულება მისცა და შესაბამისი აღჭურვილობითაც მოამარაგა.

“კომპოსტის წარმოება პირდაპირ თანხვედრაშია პროექტ GRETA-ს მიზნებთან, იმიტომ რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მწვანე ეკონომიკის განვითარებას. კომპოსტის წარმოება არის ერთ-ერთი ნაწილი მწვანე ცირკულარული ეკონომიკის, იმიტომ რომ კომპოსტი სხვადასხვა პროდუქციის ნარჩენების გადამუშავებით მიიღება.

მაგალითად, ჩაის ან ყურძნის გაშენებისას მიღებული ნარჩენით კომპოსტის წარმოებაა შესაძლებელი. ჩვენ ვეხმარებით კომპოსტის მცირე და საშუალო ზომის მწარმოებლებს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, იმიტომ რომ კომპოსტი არის ორგანული სასუქი.

შესაბამისად, ჩვენი მხარდაჭერით ხდება ბიო პროდუქციის წარმოება, ამის შემდეგ კი მისგან წარმოქმნილი ნარჩენით იქმნება ასევე ორგანული სასუქი, რომელიც მომავალში პროდუქციის წარმოებაში გამოიყენება”, - აცხადებს პროექტ GRETA-ს ხელმძღვანელი რიკარდო მონტანარი.

ქვემო რაჭაში, მდებარე საწარმოში ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ტონა ნედლეული მუშავდება და შემდეგ ექსპორტზე გადის. აქ სწორებას ევროპის ბაზარზე კეთდება, სადაც პირდაპირ რაჭიდან წელიწადში 800 ტონა გადამუშავებული მშრალი ხილი იგზავნება.

კომპანია ადგილობრივ ბაზარს 6 სახეობის ჩაისაც სთავაზობს. აქ წარმოებული ყველა პროდუქტი ბიო სერტიფიცირებულია.

პროექტი GRETA, ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები