მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways გერმანიაში, საქართველოს ნაკრების თამაშებზე ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

გერმანია

Georgian Airways გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

"ავიაკომპანია Georgian Airways კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას! „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება.

პირდაპირი ფრენები შესრულდება თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს), თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს), თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს). პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.

ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება 1-ელი აპრილიდან ავიაკომპანიის ვებ-საიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს", - აცხადებენ კომპანიაში.

bm.ge დაინტერესდა, სპეციალური რეისების დანიშვნა ხომ არ დასუბსიდირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და რა ეღირება ბილეთები, რაზეც კომპანიაში ამბობენ, რომ ფრენების დანიშვნის ინიციატივა კომპანიას ეკუთვნოდა და სახელმწიფო სუბსიდია არ განხორციელდება, ხოლო ბილეთების ფასები 1-ელი აპრილიდან იქნება ცნობილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში სამ თამაშს გამართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები