მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways-ის სანქცირების თემაზე საქართველოს საგარეო უწყება უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა

64a2e3cf5f8ee
ვიქტორია მღებრიშვილი
03.07.23 19:10
461
უკრაინის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ სანქცირებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა.

„შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა ქ. კიევში საქართველოს ელჩმაც“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: უკრაინამ ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი”, ასევე მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი და მისი ძმა დავით გაიაშვილი დაასანქცირა. სანქცირების შესახებ გადაწყვეტილება დღეს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდ sanctions.nazk.gov.ua-ზე გამოქვეყნდა.

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვლადიმირ პუტინის განკარგულების შემდეგ, 20 მაისიდან "ჯორჯიან ეარვეისმა" თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო, ამასთან მითითებულია, რომ გაიაშვილების საკუთრებაში არსებული კომპანიები საქართველოში ჰენდლინგურ მომსახურებას უწევენ რუსულ ავიაკომპანიებს "აზიმუტსა" და "რედ ვინგსს".

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართული ავიაკომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც იმედს გამოთქვამდა, რომ ზელენსკის უსამართლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის სარკისებური პასუხი მოჰყებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები