მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანელმა სამართალდამცავებმა პუტინის მოკავშირე უსმანოვის კუთვნილი ქონება გაჩხრიკეს

632af1f0e8f0b
გიორგი თოლორდავა
21.09.22 15:19
699
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით კოორდინირებული საგამოძიებო ოპერაცია დაიწყო - სამართალდამცავებმა სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის უძრავი ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლები და აპარტამენტები გაჩხრიკეს.

პროკურატურის განცხადებით, სპეციალური ოპერაცია, რომელშიც 250 სამართალდამცავი იღებდა მონაწილეობას, ბავარიაში, ჰამბურგში, ბადენ-ვიურტემბერგსა და შლეზვიგ-ჰოლშტაინში განხორციელდა. საერთო ჯამში, გაიჩხრიკა 20-ზე მეტი სახლი, ბინა და კომერციული ობიექტი.

საგამოძიებო პროცესი საერთაშორისო სანქციების დარღვევის შესაძლო შემთხვევას უკავშირდება. პროკურორის მტკიცებით, რუსი ოლიგარქი სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას და ევროპაში საქმიანობის გაგრძელებას.

69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი მოქალაქეა, მისი ქონება 18 მილიარდ დოლარს აღწევს და მას უაღრესად ახლო კავშირები აქვს კრემლის ელიტასა და თავად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

უსმანოვის შემოსავლის ძირითადი წყარო კომპანია Metalloinvest-ია, რომელიც ფეროშემადნობების წარმოების სექტორში გლობალური ლიდერია. გარდა ამისა, უსმანოვის ჰოლდინგი რუსეთის მასშტაბით რიგით მეორე უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიას, MegaFon-ს ფლობს.

მართალია, უსმანოვის საქმიანობა პირდაპირ კავშირშია რუსეთთან, თუმცა მისი ბიზნესი მოიცავს გერმანიასაც, რომელიც მის რჩეულ დასავლურ სახელმწიფოს წარმოადგენს, სადაც მას რამდენიმე მდიდრული საცხოვრებელი სახლიც აქვს.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ალიშერ უსმანოვი, როგორც პუტინთან დაკავშირებული გავლენიანი პირი, დასავლეთის მიერ სანქცირებულ ოლიგარქთა სიაში აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები