გერმანია ელექტრომობილების წარმოებას აღარ დაასუბსიდირებს. მიზეზი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტი რიგი პროგრამების შეწყვეტის ხარჯზე უნდა შემცირდეს.
პროგრამის დაფინანსება 2016 წელს დაიწყო და ელექტრომობილების სუბსიდირებისთვის გერმანიამ 7 წელში დაახლოებით 10 მილიარდი ევრო გადაიხადა. საერთაშორისო მედიის ცნობით, გადაწყვეტილება 2024 წლის განახლებული ბიუჯეტის მიღების შემდეგ ე.წ ქამრების შემოჭერის პირველი ნიშანია.
ელექტრომობილების სუბსიდია თავდაპირველად 2024 წლის ბოლომდე იყო გამიზნული. მწარმოებელთა მოლოდინით, ნაადრევად შეწყვეტილი პროგრამა, გერმანულ ელექტრომობილებზე ფასის ზრდას გამოიწვევს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით გერმანია, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მეოთხე ადგილს იკავებს. იანვარ-ოქტომბერში გერმანიიდან საქართველოში 100 ერთეული 7,561 მლნ აშშ დოლარის ელექტრო ძრავის მანქანა შემოვიდა. პირველი სამეული კი ასეთია: აშშ, ჩინეთი, იაპონია.