გერმანიის მთავრობა ენერგოინტენსიური კომპანიების მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობისთვის სუბსიდიების სახით €4 მილიარდს გამოყოფს - ამის შესახებ Reuters-ს მთავრობის წარმომადგენელმა განუცხადა.
გერმანია ამბიციური გეგმის ფარგლებში, ქვეყანამ 2045 წლამდე სრულად ნახშირბად ნეიტრალური გახდეს, ბერლინი ფოლადის, შუშის, ქაღალდის თუ ქიმიკატების მწარმოებელი კომპანიებისთვის განახლებად ენერგიის წყაროზე გადასვლაში დახმარებას აპირებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, წარმოებაში ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად მწარმოებლები 15-წლიან სუბსიდიას მიიღებენ.
მინისტრის განცხადებით, ევროპულმა კომისიამ მხარი დაუჭირა გერმანიის სუბსიდირების ინსტრუმენტებსაც, შესაბამისად, დაფინანსების პირველი ეტაპი სულ მალე დაიწყება.
სუბსიდირების პროგრამისთვის კომპანიები ერთგვარი აუქციონის წესით შეირჩევიან, იმის მიხედვით, თუ რომელი კომპანია შეძლებს ემისიების ყველაზე მეტად შემცირებას, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით.
Reuters-ს წყარომ დაუდასტურა, რომ პირველი ტენდერი გაზაფხულში გამოცხადდება და სწორედ მისთვის გამოიყოფა €4 მილიარდი, ტენდერების მორიგი რაუნდი კი წლის ბოლოსთვის ჩატარდება.
“კლიმატის დაცვის კონტრაქტის” ფარგლებში კომპანიებისთვის კომპენსაცია ნებისმიერ დამატებით ხარჯზე გაიცემა, რომელიც მათ მწვანე წარმოებაზე გადასვლისთვის გაიღეს. საუბარია ინდუსტრიებზე, რომლებშიც ეკომეგობრული წარმოების პროცესი არც თუ ისე კონკურენტულია.