მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გერმანია ქართული ღვინის ერთ-ერთი მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია“ - როგორია სტატისტიკა?

644a7f5ce53e3
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.23 18:50
902
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, საქართველოში გერმანელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations” და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები. გერმანელი ღვინის პროფესიონალები ქართლსა და კახეთში ღვინის მარნებს ეწვივნენ და როგორც ქართული ტრადიციული, ასევე კლასიკური მეთოდით დამზადებული სხვადასხვა სტილის ღვინო დააგემოვნეს. სტუმრები ქართული ღვინის რვაათასწლიან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, ასევე ქართულ სამზარეულოს გაეცნენ. ტურის ფარგლებში, თბილისში მოეწყო B2B შეხვედრები, სადაც შეფასებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, ღვინის პროფესიონალებს საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა ათმა კომპანიამ წარუდგინა.

BM.GE გერმანიის მიმართულებით ღვინის ექსპორტის სტატისტიკით დაინტერესდა. ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლიდან გერმანიის მიმართულებით ღვინის რეალიზების მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ამასთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ღვინის ექსპორტის მხრივ გერმანიას 10.5%-იანი წილი უკავია და ბოლოს 5 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელია.

წლების მიხედვით გერმანიაში გაყიდული ღვინის მოცულობები და ღირებულება ასეთია:

2016 წელი - 786 ათას დოლარი, 202 ტონა;
2017 წელი - 1.1 მლნ დოლარი, 271 ტონა;
2018 წელი - 1.5 მლნ დოლარი, 347 ტონა;
2019 წელი - 2.1 მლნ დოლარი, 472 ტონა;
2020 წელი - 2.5 მლნ დოლარი, 529 ტონა;
2021 წელი - 3.1 მლნ დოლარი, 623 ტონა;
2022 წელი - 3.2 მლნ დოლარი, 834 ტონა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებს, გერმანიაში გაყიდული ღვინის მოცულობა 228 ტონა იყო, ღირებულება კი 975 ათასი დოლარი. ზრდა ღირებულების მიხედვით 7.2%-ია, ხოლო მოცულობაში - 19.9%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები