ევროპულ საქმეთა მინისტრები 19-20 მარტის ევროპული საბჭოს სხდომის მოსამზადებელი სამუშაოების გასაგრძელებლად ბრიუსელში შეიკრიბნენ.
სხდომის დაწყებამდე რამდენიმე მათგანმა, Euroscope-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროინტეგრაციას, თუ "ქართული ოცნება" საგარეო კურსს კვლავ ევროპულ გზაზე დააბრუნებს.
მინისტრთა კომენტარებს BM.GE სრულად გთავაზობთ:
ბენჟამინ ჰადადი, ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი
უკრაინა, მოლდოვა და სხვები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ მიიწევენ. სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩამორჩება. და საქართველო ჩამორჩება „ქართული ოცნების“ ქცევის გამო, იმ რეპრესიების გამო, რასაც ქუჩებში ვხედავთ, მთავრობის მიერ აღებული არალიბერალური კურსის გამო, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი პრესისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გამო. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ახლავე შეაჩეროს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, რომლებიც გასულ წელს ვიხილეთ, და შეაჩეროს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც საქართველოში გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას ზღუდავს. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებას, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ ღალატობს. და თუ მას სურს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნება, მან იცის, რაც უნდა გააკეთოს.
გულწრფელად რომ გითხრათ, ამჟამად საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ დე ფაქტო ეს კანდიდატურა გაყინულია და წინ არ მიიწევს. ის არ წავა წინ მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიებს ქართველი ხალხისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული და თავისუფალი მისწრაფებების წინააღმდეგ. გარდა ამისა, როგორც იცით, ჩვენ გვაქვს ბერკეტები. განსაკუთრებით ვგულისხმობ სავიზო რეჟიმს - საკითხს, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს წევრების მაგიდაზე დევს განსახილველად. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს საქართველოსა და მის მოსახლეობას ევროპას კიდევ უფრო დააშორებს.
ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი ისაა, რომ საფრანგეთი და ევროპელები მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას, რომელსაც ამჟამად ღალატობს „ქართული ოცნების“ ქცევა და მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები.
სიგიტას მიტკუსი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
საქართველოს მთავრობამ უბრალოდ უნდა აჩვენოს პროგრესი, დადოს კონკრეტული შედეგები (შეასრულოს ვალდებულებები) ქვეყნის შიგნით და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა, ისევე როგორც დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებული ყველა სხვა საკითხის მოგვარება.
არტიომს ურშულსკისი, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი
რაც საქართველოში ხდება, საკმაოდ შემაშფოთებელია. ლატვია ყოველთვის იყო საქართველოს დემოკრატიული ძალების საკმაოდ ძლიერი პარტნიორი და ბოლო თვეებში ჩვენ მივიღეთ რამდენიმე გადაწყვეტილება საქართველოში დემოკრატიული მოძრაობების მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ვღელავთ, რომ მოვლენები, რომლებიც საქართველოში ვითარდება, ქვეყანას პუტინის რეჟიმთან აახლოებს და ევროკავშირს კიდევ უფრო აშორებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ საზოგადოებას საქართველოში, და თუკი არსებობს გზები, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოებაში, მზად ვართ, კიდევ უფრო გავაფართოოთ ეს ძალისხმევა.
იოაკიმ სტრანდი, ფინეთის ევროპულ საქმეთა და სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ფინეთი ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ევროკავშირის გაფართოების მიმართ და ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, შეძლებს გახდეს ევროკავშირის ნაწილი. თუმცა, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის შემთხვევაში. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა და სხვა. მაგრამ პირადად მეც ვიმედოვნებ, რომ მომავალში საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი იქნება.
გუნთერ კრიხბაუმი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში
საქართველო, სამწუხაროდ, ბევრად უფრო წინ იყო და ის უკუსვლა, რომელსაც ახლა იქ ვხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ სავალალოა. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, რადგან ისინი იმედის თვალით უყურებენ ევროპასა და ევროკავშირს. მაგრამ, კარგად მოგეხსენებათ, ბოლო პროგრესის ანგარიშში, რომელიც[ევროკომისიამ] წარმოადგინა, ითქვა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და მეტი არაფერი, სამწუხაროდ. ასე რომ, საქართველოს გადასაწყვეტია, წავიდეს წინ და იმოძრაოს ევროკავშირის მიმართულებით. ამისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების, დემოკრატიის, თავისუფლების, პრესისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების გაზიარება, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში აღარ არის უზრუნველყოფილი.




























